კანონგარეშე სასჯელები ჩეჩნეთში
რა არის ცნობილი „კანონგარეშე სასჯელების“ შესახებ ჩეჩნეთში?
დამოუკიდებელი რუსული გამოცემის „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტები ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას მუდმივად ატარებენ.
ჟურნალისტი გამომძიებლების მონაცემებით, ადგილობრივი ხელისუფლება თავის ოპონენტებს უსწორდება არა მხოლოდ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით, დევნითა და წამებით, არამედ სიკვდილით დასჯითაც კი.
არასასურველ პირთა „დასჯა“ რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დაკვეთით, და პოლიციის მაღალჩინოსანთა უშუალო მონაწილეობით, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე ხდება.
• მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“
• ცდა ბედის მონახევრეა. როგორ უტევენ ჩეჩნეთიდან დევნილები პოლონეთის საზღვარს ბელარუსში
როგორ კლავდნენ დაკავებულებს, „ნოვაია გაზეტას“ მონაცემების მიხედვით
„ნოვაია გაზეტამ“ 2017 წლის მაისში ჩეჩნეთის ქალაქ შალიში დაკავებული, მინიმუმ 13 ადამიანის სიკვდილით დასჯის დეტალები გამოაქვეყნა. 26 იანვარს, გვიან საღამოს დაკავებულები პოლიციის № 6 ყაზარმის შენობასთან მიიყვანეს.
შენობის სარდაფში, ოთახში, სადაც ჩოგბურთის მაგიდა იდგა, პოლიციიის ჩინოვნიკები იმყოფებოდნენ. ორი მათგანი მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდა. დაკავებულები იმავე ოთახში შეიყვანეს. ისინი იქ ჩაცუცქულები ისხდნენ.
ისინი რიგ-რიგობით შეჰყავდათ მეზობელ ოთახში და იქ კლავდნენ.
პირველი დაკავებული დახვრიტეს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, რომ „შენობა სისხლით აღარ დაესვარათ, რადგან იქ “პოლკის მებრძოლები წვრთნას გადიოდნენ“;
დანარჩენ დაკავებულებს იატაკზე აწვენდნენ, ოთხი ადამიანი მათ ხელებითა და ფეხებით იატაკზე აკრავდა, ქვემოდან კისრის ქვეშ სპორტულ ბაგირს უტარებდნენ, ერთ-ერთი თანამშრომელი კი, რომელიც დაკავებულს კეფაზე ფეხს აჭერდა, ბაგირს კისერზე ახვევდა.
რამდენი ადამიანი გახდა კანონგარეშე სასჯელის მსხვერპლი?
2017 წლის ივლისში „ნოვაია გაზეტამ“ 27 ადამიანისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ეჭვის გამო იყვნენ დაკავებულები.
დაკავების შემდეგ ეს ადამიანები უბრალოდ გაქრნენ. ჟურნალისტების მონაცემებით, ყველა ეს ადამიანი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, მასობრივად სიკვდილით დასაჯეს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომლითაც „ნოვაია გაზეტა“ ოპერირებდა, იყო ორი დოკუმენტი, რომელიც გაზეთს გადასცა წყარომ ჩეჩნეთის სამართალდამცავი სტრუქტურებიდან.
პირველი დოკუმენტში იყო იმ ჩეჩნების ფოტოები და მონაცემები (სახელები, გვარები, ოპერატიული ინფორმაცია), რომლებმაც 2016 წლის დეკემბერში გროზნოში პოლიციელზე მომხდარ თავდასხმაში მიიღეს მონაწილეობა.
ამ სიაში 12 ადამიანის გასწვრივ ეწერა “მინუსი”. 12-ვე „ნოვაია გაზეტას“ „დახვრეტის სიაში“ ფიგურირებს.
მეორე დოკუმენტში 67 კაციანი სია იყო. ეს ადამიანები 2017 წლის იანვრის დასაწყისში პოლიციამ კურჩალოსა და შალის რაიონებში ჩატარებული რეიდის დროს დააკავა. სიაში 14 ადამიანი მონიშნული იყო მინუსით. 14-ვე “ნოვაია გაზეტას” „დახვრეტილთა სიაში“ ირიცხება.
‘ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, ყველა ეს ადამიანი სხვადასხვა დროს დააკავეს, მაგრამ ერთ დღეს 26 იანვრის ღამეს, ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის საგუშაგოს ტერიტორიაზე მოკლეს.
გაზეთის ინფორმაციით, გვამები იმავე ღამეს სხვადასხვა სასაფლაოზე (მათ შორის ქრისტიანულზეც) დამარხეს.
როგორი იყო ხელისუფლების რეაქცია?
გაზეთში გამოქვეყნებამდე სამი თვით ადრე ჟურნალისტებმა 27 დახვრეტილის სია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გადასცეს, და მოსთხოვეს ინფორმაციის დაწვრილებით გადამოწმება.
თუმცა, გამოძიებამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა.
სამართალდამცველებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს, რომ დაეკითახათ ის ჟურნალისტები, რომლებმაც მათ 27 მოკლულის შესახებ ინფორმაცია გადასცეს. მათ ასევე არ ამოუღიათ არც ის სქემა და ცხრილი, რომლებიც ჩეჩენი ძალოვანების მიერ „დახვრეტის სიაში“ მითითებული ყველა ადამიანის დაკავებას ადასტურებს.