თომას დე ვაალი: აფხაზეთის თვითიზოლაცია უზარმაზარი პრობლემაა
“ გზაჯვარედინზე: დე ფაქტო სახელმწიფოებთან და სეპარატისტულ რეგიონებთან ინტერაქცია ” (Uncertain Ground: Engaging With Europe’s De Facto States and Breakaway Territories) — ასე ჰქვია კავკასიის საკითხებში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტის, კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის თომას დე ვაალის ახალ ნაშრომს.
კვლევა 9 იანვარს თბილისში თავად ავტორმა წარადგინა. პრეზენტაცია Go Group Media-სთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული.
Carnegie Europe-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თომას დე ვაალის კვლევის საგანი აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ჩრდილოეთი კვიპროსის კონფლიქტები და ბოლო პერიოდში იქ შექმნილი მდგომარეობა გახდა.
„ამ კონფლიქტებს ერთმანეთთან აერთიანებს არაღიარებული ან ნაწილობრივ აღიარებული სტატუსი, წლების განმავლობაში საომარი მოქმედებების არარსებობა და ბუნდოვანი და გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი,” – ამბობს დე ვაალი.
•როგორ ვაქციოთ საქართველო ისევ დიად ქვეყნად: კამათობენ მიხეილ სააკაშვილი და თომას დე ვაალი
•თომას დე ვაალი: გახსნილი და ჩაკეტილი საქართველო
ბრიტანელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მოქმედი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში უნდა დარჩეს, თუმცა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს აფხაზეთის მიმართულებით აქტიურობა.
“ეს შეიძლება იყოს პროგრამები განათლების, ჯანდაცვის, ასევე გარემოს დაცვის სფეროებში”, – თქვა მან.
დე ვაალის აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთში „პარადოქსული სიტუაცია“ შეიქმნა:
„რუსეთის მხრიდან აღიარებამ აფხაზეთს ერთი მხრივ მეტი რუსული ინვესტიცია, და ეკონომიკისთვის მეტი ფული მოუტანა, თუმცა ამავდროულად – საერთაშორისო იზოლაციაც.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთი დატოვეს, დაიკეტა მდინარე ენგურზე არსებული ადმინისტრაციული საზღვრის ბევრი გასასვლელი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობდა“.
დე ვაალის აზრით, აფხაზეთის თვითიზოლაცია „უზარმაზარი პრობლემაა“ არ მხოლოდ სოხუმისთვის, არამედ თბილისისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.
ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორმა და აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ, დე ვაალის მოხსენების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ჩრდილოეთი კვიპროსის, დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებს შორის არსებითი განსხვავება არსებობს.
„თუკი დნესტრისფირეთსა და კვიპროსში კონფლიქტის ძალადობიდან სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესად ტრანსფორმაცია მოხდა, აფხაზეთის შემთხვევაში, ძალადობის პრეცედენტები ისევ და ისევ ხდება“, — თქვა გეგეშიძემ.
გეგეშიძის თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ის, რომ აფხაზეთში კონფლიქტს მკაფიო ეთნიკური განზომილება აქვს – აფხაზეთში ჯერ კიდევ პოპულარულია საქართველოს სახით მტრის ხატი.
“არსებითია ისიც, რომ კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირების თვალსაზრისით, თბილისისა და სოხუმის აზრი რადიკალურად განსხვავებულია,” – აღნიშნა გეგეშიძემ.
მისი აზრით, სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ მთელი ძალისხმევა კონფლიქტის ტრანსფორმაციისკენ მიიმართოს.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აქცენტირებულად განიხილეს ევროპის აფხაზეთთან თანამშრომლობის საკითხი.
„როგორ შეძლებს ევროპა აფხაზეთის მოქმედ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის განვითარებას, როდესაც იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ უშვებენ, აფხაზეთის გალის რაიონში კი ეთნიკური ქართველების უფლებები ირღვევა?“, – დასვა შეკითხვა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ივლიანე ხაინდარავამ.
დე ვაალის თქმით, აფხაზეთში, კერძოდ კი, გალში მცხოვრები ქართული მოსახლეობის პრობლემები უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი აზრით, საერთაშორსო ორგანიზაციებს ამ მიმართულებითაც შეუძლიათ საქმიანობის გააქტიურება.
“საერთაშორისო ორგანიზაციები გალის მოსახლეობას მეტს უნდა სთავაზობდნენ, სოხუმთან უნდა ითანამშრომლონ, და დარწმუნდნენ, რომ გალელების უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია უმჯობესდება,” – ამბობს დე ვაალი.