თომას დე ვაალი: ღია საქართველო, დახურული საქართველო
საქართველო ჯერ არასდროს ყოფილა დანარჩენი მსოფლიოსადმი ასე გახსნილი. ევროპიდან და ევროპისკენ განხორციელებული მეტი პირდაპირი რეისის წყალობით, 2017 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ რეკორდული 1.3 მილიონი სტუმარი მიიღო: 29%-ით მეტი, ვიდრე შარაშან ამავე პერიოდში. ზაფხულის თვეებში ეს ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება. ამავე დროს, მარტის შემდეგ 55,000 ქართველმა ისარგებლმა ევროკავშირთან 90-დღიანი უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით.
თუმცა, სამწუხაროდ, ტურისტების ეს ტალღა სწორედ იმ დროს გაიზარდა, როდესაც საქართველოს პოლიტიკური სისტემა გაცილებით უფრო ჩაკეტილი და გაუმჭვირვალე გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა უკანასკნელი წლების განმავლობაში.
პრობლემის სათავე იმ არაჯანსაღად მრავალრიცხოვან საპარლამენტო უმრავლესობაშია, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის არჩევნების შედეგად მოიპოვა. ოპოზიციის დისფუნქციურობისა თუ პარტიის მიერ წარმართული კამპანიის წყალობით, ,,ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 150 ადგილიდან 115 ჩაიგდო ხელში და შესანიშნავი საშუალება მიეცა, უკონტროლოდ ემართა ქვეყანა.
1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მესამედ ხდება, რომ საქართველოს დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობა ჰყავს. 1999 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველმა პარტიამ დიდი უმრავლესობა მოიპოვა, იგივე ითქმის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“ 2004 – 2012 წლებში. ორსავე შემთხვევაში, ქართულ დემოკრატიას ვნებდა ერთი ცალკეული პარტიის დომინანტური როლი.
მისი ორივე წინამორბედის მსგავსად, ,,ქართულ ოცენებაც“ ,,ჭრელი’’ ძალაა. 2012 წელს იგი სააკაშვილის ოპოზიციურ კოალიციად ჩამოყალიბდა. ,,ოცნების“ ერთი ფრთა, რომელსაც შეიძლება მისი ,,ღია’’ ფრთა ვუწოდოთ, უფრო საჯაროა, უფრო ხილულია უცხოელთათვის, იგი სიამაყით უწოდებს თავს პროევროპულს. ამ ფრთას საფუძვლიანი წარმომადგენლობა ჰყავს საქართველოს მთავრობაში და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახითაა პერსონიფიცირებული. საბოლოოდ, ამ ჯგუფმა ქართველებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მოიპოვა და ახლა ევროპასთან ინტეგრაციის მეორე მნიშვნელოვან ელემენტზე აგრძელებს მუშაობას – შეთანხმებაზე, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისათვის სივრცის შექმნას გულისხმობს.
პარტიის მეორე ფრთა უფრო ტრადიციული და ნაციონალისტურია და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რადიკალურ ელემენტთან აქვს სიახლოვე. ამ ფრთის ყველაზე გავლენიანი ფიგურები კულისებს მიღმა დგომას ამჯობინებენ და პარლამენტსა თუ მთავრობაში არ არიან წარმოდგენილნი.
უკანასკნელი რამდენიმე თვეა, საქართველოში სამი საკითხი იწვევს შეშფოთებას. პირველი: მმართველი პარტია კონსტიტუციის შეცვლის წინადადებით გამოდის. საეჭვო ჩანართები საარჩევნო სისტემაში ბევრ დამატებით ადგილს მოაპოვებინებს პარტიას, რომელიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს და ბოლოს მოუღებს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს: ამის ნაცვლად, მას ამიერიდან პარლამენტი აირჩევს. დასრულდება ძალთა კოალიციურ გაერთიანებაც – არადა, სწორედ ამ ხერხით მოვიდა ქვეყნის სათავეში ,, ქართული ოცნება.“
თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ, ეს ის ცვლილებებია, რომელთაგან ყველას მოეძებნება ანალოგები ევროკავშირის ქვეყნებში და რომლებშიც, ცალ-ცალკე, შესადავებელი არაფერია. თუმცა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა წინ არა და არ მიიწევს, ერთ პაკეტად აღებული ეს ცვლილებები, კონტროლისა და ბალანსის მექანიზმის შესუსტების მცდელობად გამოიყურება, ძალისხმევად, რომელიც დაადუღაბებს ,,ქართული ოცნების“ ერთპარტიულ დომინაციას მომდევნო წლებში.
თბილისში ერთმა დიპლომატმა მითხრა, რომ საგანგაშო არა იმდენად ეს მოსალოდნელი ცვლილებებია, რამდენადაც მათ მიერ გამოწვეული პოლიტიკური პროცესებიო. ამ პროცესების აღწერისას მან სიტყვა ,,საშინელი“ გამოიყენა. ჩემმა ნაცნობმა ის იგულისხმა, რომ ,,ქართული ოცნებისათვის“ დამახასიათებელია “მოგებული იგებს ყველაფერს” აზროვნება და რომ ამ პარტიამ უარი თქვა კონსულტაციებზე საპარლამენტო ოპოზიციასთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომლებიც მძლავრად და თითქმის ერთსულოვნად ეწინააღმდეგება შეთავაზებულ ცვლილებებს.
მეორე საგანგაშო ტენდენცია უფრო და უფრო მზარდი ქსენოფობიური დისკურსია. პოსტსაბჭოთა საქართველოში ამ მხრივ ახალი თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, ამ განწყობებმა საქართველოს ბოლოდროინდელი საერთაშირისო გახსნილობის კვალდაკვალ იმძლავრა. სწორედ ამ ახალი ტენდენციის გამოხატულება იყო 14 ივლისის ეგრეთ წოდებული ,,ქართველთა მარში“, რომლის დროსაც დაახლოებით 2,000 მანიფესტანტი გამოვიდა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე . მათი ,,მრისხანე“ ლოზუნგები ზოგადად უცხოელების, უფრო კონკრეტულად კი თბილისის ირანელი და თურქი მცხოვრებლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ქსენოფობიაა იმ წინადადების მთავარი იმპულსიც, რომლის თანახმად, უცხოელებს უძრავი ქონებისა თუ სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა კონსტიტუციით უნდა აეკრძალოთ – ამ მოსაზრებას ირაკლი კვირიკაშვილმაც დაუჭირა მხარი , რამაც საქმიან წრეებში დიდი აღშფოთება გამოწვია. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს ნაბიჯი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას წერტილს დაუსვამს. როგორც ყოველთვის, ეშმაკი ისევ დეტალებშია ჩამალული. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე ბევრ ქვეყანას აქვს დაწესებული იურიდიული შეზღუდვები გარკვეული დათქმებით, თუმცა, თითო-ოროლას გარდა, არც ერთ მთავრობას მოსვლია აზრად, ამ შეზღუდვებში პოლიტიკური შინაარსი ჩაედო და კონსტიტუციის ძალით განემტკიცებინა.
მესამე საკითხი, რომელმაც ამ ზაფხულს საქართველოში დიდი ხმაური გამოიწვია, აფგან მუხთარლის, თბილისში გამოხიზნული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის გატაცება იყო, რასაც წინ არანაირი სასამართლო გარჩევა თუ გადაწყვეტილება არ უძღვოდა. იგი 29 მაისს გაუჩინარდა და, მალე, უკვე დაპატიმრებული, აზერბაიჯანში აღმოჩნდა – როგორც გაირკვა, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში შეპყრობის შემდეგ. თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს გაუგონარი, აღმაშფოთებელი აქტი საქართველოს მდიდარი და გავლენიანი მეზობლის საამებლად იქნა ჩადენილი, საქართველოს უშიშროების სამსახურების ხელშეწყობით ან სრული თანამშრომლობით, მთავრობის წამყვან ფიგურებთან შეუთანხმებლად. მუხთარლის შემთხვევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რასაც კიდევ ერთმა დიპლომატმა ,, უშიშროების სამსახურებზე პოლიტიკური მეთვალყურეობის უქონლობა“ უწოდა, როდესაც საქართველოს დასავლელი მეგობრების უდიდეს შეშფოთებას გამოხატავდა.
ბევრი შიშობს, რომ ეს ეპიზოდი საქართველოში ხელშეუხებელი გავლენიანი ჯგუფის ( ეგრეთ წოდებული deep state-ის) – როგორც თურქები უწოდებენ ამ ფენომენს, ,,სპეცსამსახურების უკონტროლო ჩრდილოვანი სექტორის“ არსებობას მოასწავებს. სახელდებიან პირები, რომლებიც, შესაძლოა, ამ ჯგუფს წარმოადგენდნენ, მაგალითად, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი, ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და მართვის სადავეების ფარული მპყრობლის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. თუმცა, რაკი გამოკვეთილი საჯარო ფიგურა არც ერთი მათგანი არ არის, მათი რეალური გავლენის ხარისხიც რთული დასადგენია.
ცხადი კი მხოლოდ ისაა, რომ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს, რამდენიმე წლისწინანდელ ვითარებასთან შედარებით, ნაკლები ბერკეტი აქვთ საიმისოდ, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ ქმედებებზე ანგარიშვალდებულები გახადონ. ბოლოს და ბოლოს, უვიზო მიმოსვლა უკანასკნელი მნიშვნელოვანი დათმობა იყო, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის შეეძლო გაკეთებინა, ხოლო ვაშინგტონი, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, მის წინამორბედებზე ნაკლებადაა კონცენტრირებული დემოკრატიის საკითხებზე. 31 ივლისს საქართველოს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ეწვევა, მაგრამ ამ შეხვედრების ძირითადი თემა აშშ-საქართველოს სამხედრო ურთიერთობები იქნება.
დღევანდელი საქართველო ჯერაც გახსნილობისა და წარმატებული წინსვლის ნიმუშად აღიქმება მისი ავტორიტარული სამეზობლოს ფონზე. თუმცა, ბოლოდროინდელი ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ ამ წარმატების ბევრი ელემენტი, შესაძლოა, უკუქცევადი გამოდგეს.
ავტორი: თომას დე ვაალი Carnegie Europe-ის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. სტატია გამოქვეყნებულია 31 ივლისს Carnegie Europe-ის ვებ-გვერდზე