დიდ გაქცევას ვგეგმავ
საერთოდ, დიდ გაქცევას ვგეგმავ, უფრო სწორად კი – უკან დაბრუნებას. ერთ მშვენიერ დღეს მშობლიურ დოვეხში დავბრუნდები, ტავუშის რაიონის ერთ პატარა სოფელში, რომელიც დედაქალაქიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თხებს მოვაშენებ და ბალახს მოვთიბავ. ზოგჯერ ჩავდივარ კიდეც და იქაურობას ვაკვირდები.
მე მიყვარს სპორტი. ყმაწვილკაცობაში ფეხბურთითა და გრძელ დისტანციაზე სირბილით ვიყავი გატაცებული. კომენტატორობაზე ვოცნებობდი და ერთ დღესაც, შეიძლება ითქვას, მექანიკურად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაში მივედი.
თუმცა, მაშინ ომი მძვინვარებდა და სპორტული ცხოვრებისთვის არავის ეცალა. ამიტომ, ყარაბაღის თემაზე მომიხდა წერა. რეგიონული პოლიტიკის მიმომხილველი გავხდი. ჩემს ოცნებაზე უარის თქმამ მომიწია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიდევ მომეცემა შანსი.
ჟურნალისტიკა ავადმყოფობასავითაა, როდესაც შენდა უნებურად გონება ყოველთვის რაიმე თემას ეძებს მიმოხილვისთვის და გამუდმებით ფიქრობ იმაზე, თუ როგორ გადმოსცე სათქმელი.
კომენტატორობა რომ არ გამომივიდა, არც კი ვფიქრობდი თუ ასე ჩამითრევდა ჟურნალისტიკა. არადა, ნამდვილად ასე მოხდა.წიგნების წერის დრო მოვიდა – ასეთი პერიოდია ახლა ჩემს ცხოვრებაში. დროის შეგრძნებას ვკარგავ, დღესა და ღამეს ვერ ვარჩევ, თუკი რაიმე საინტერესო საქმით ვარ დაკავებული. ოჯახის წევრები მსაყვედურობენ და მირჩევენ, დავისვენო, მაგრამ ჩემმა ახლობლებმაც კი არ იციან, რეალურად, როდის მჭირდება დასვენება, და როდის არა; რადგან უბრალოდ არ მეტყობა, როდის ვარ დაღლილი. ყველასთვის მხნე და ენერგიული ვარ და მხოლოდ მე ვიცი, რომ ძალიან მჭირდება დასვენება.
ჩემი ორი წიგნი, რომლებიც უკვე გამოიცა, ორწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგია… ჩემს შემდეგ წიგნს ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების პროცესს მივუძღვნი. ამ წიგნში ყველა ის პროცესი, მოლაპარაკება, ორმხრივი და მრავალმხრივი ოფიციალური შეხვედრა იქნება განხილული, რომლებიც 1994 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შედგა.ყველა ქალაქსა და სოფელში თითო ფოტოს რომ ვიღებდე, უზარმაზარი ალბომი გამომივიდოდა. მე ხომ ბევრს ვმოგზაურობ. თუმცა, როგორც წესი, ფოტოებს არ ვიღებ. ზოგჯერ ფოტოკამერის წაღებაც კი მავიწყდება. თითქმის ყველა ჩემი ფოტო მეგობრების გადაღებულია.
განსაკუთრებული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არის ჩემი ქალიშვილი სონა. ის ოთხი წლისაა. ძალიან მიყვარს მასთან ერთად მოგზაურობა. ერთად ვეცნობით ჩვენი ქვეყნის ბუნებას და სომხეთის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებთ. ჩვენი პატარა მოგზაურობები მისთვის ერთგვარი თამაში და გასართობია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თათულ აკოპიანი – ჟურნალისტი, ძირითადად კავკასიის კონფლიქტების გაშუქებითაა დაკავებული. ავტორი წიგნებისა “მწვანე და შავი: არცახის დღიური” (2008) “მზერა არარატიდან: სომხები და თურქები” (2012). ფონდ “სივილიტასის” ექსპერტი, ანისის სომხური გამოკვლევების ცენტრის კოორდინატორი.