აფხაზეთის პოლიტიკურ ველზე „მესამე ძალის“ გამოჩენა გადაიდო
აფხაზეთის მაღალპატივცემულმა არქიმანდრიტმა დოროფეიმ, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად მიიჩნევდნენ, ოფიციალურად განაცხადა, რომ „არ აპირებს პოლიტიკური თამაშებით დაკავებას“.
2019 წლის ივლისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის თავკაცმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაცხადა:
„შინაგანმა რწმენამ, რომელიც დიდმარხვის ორი კვირის განმავლობაში საბოლოოდ ჩამომიყალიბდა, მომცა ბიძგი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მე ვამბობ „όχι“ (არას) ერთ-ერთ კანდიდატად მონაწილეობაზე 2019 წლის აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში“.
აფხაზეთში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მძაფრდება დაპირისპირება ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სიტუაციას ართულებს ის, რომ ოპოზიციას არ ჰყავს საერთო კანდიდატი.
ამ დრომდე, საპრეზიდენტო არჩევნებში მამა დოროფეის შესაძლო მონაწილეობის იდეა განიხილებოდა, როგორც „მესამე ძალის“ გამოჩენა, რომელსაც ბევრი დაუჭერდა მხარს – და რომელიც წარმატებით შევიდოდა კონკურენციაში როგორც სახელისუფლებო კანდიდატთან, ისე, უკვე ჩვეულ, „სისტემურ“ ოპოზიციასთან.
აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია – დღეს მოქმედი ორი მართლმადიდებლური ეკლესიიდან ერთ-ერთია. მეორე – აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია – რომელსაც მამა ბესარიონი ხელმძღვანელობს, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს არის ხელდასხმული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ.
ამ ორი საეკლესიო სტრუქტურის ურთიერთობა თავიდანვე ძალიან რთული იყო. დიდი ხნის განმავლობაში მათ შორის აშკარა მტრობა მიდიოდა. მაგრამ, დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა მოვლენა – მამა დოროფეიმ სამკურნალოდ მოსკოვში მყოფი მამა ბესარიონი მოინახულა. ამის შემდეგ ურთიერთობები შესამჩნევად დათბა.
თუმცა, აფხაზური ეკლესიის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ორივე მხარეს ძველი შეხედულება დარჩა. მამა ბესარიონს ძველებურად მხოლოდ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იმედი აქვს. მამა დოროფეი კი ფიქრობს, რომ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის გავლით უნდა მოხდეს – უფრო ზუსტად, წავიდეს ე.წ. უკრაინული გზით.
• გამწვავებული კონფლიქტი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ორ შტოს შორის
• უკრაინის ბრძოლა ავტოკეფალიისთვის და საქართველოს პოზიცია
• „უკრაინული გზა“ აფხაზური ეკლესიისთვის და რა არჩევანი აქვს ქართულ ეკლესიას?
მამა დოროფეი არ შემოიფარგლა საკუთარი კანდიდატურის მოხსნით. მან ასევე განაცხადა, რომ ამის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხმას „ყველას წინააღმდეგ“ მისცემს – იმ დრომდე, სანამ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური ფიგურები არ გამოჩნდებიან.
ამასთან, არქიმანდრიტი მოჰყვა საკუთარი არშემდგარი პოლიტიკური კარიერის წინა ისტორიას:
„2018 წლის იანვარში, ახალი ათონის მონასტერში, შეხვედრა მქონდა აფხაზეთის პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატების ჯგუფთან. ისინი დიდი ხნის განმავლობაში მარწმუნებდნენ პოლიტიკური კარიერით დაკავების აუცილებლობასა და საკუთარი კანდიდატურის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენაში. მაშინ უარი ვთქვი ამ შეთავაზებაზე“.
ნახევარი წლის შემდეგ, მას ისევ მიმართეს იმავე წინადადებით და როგორც მამა დოროფეი ამბობს, იმ მომენტიდან ის „აღარ იყო ისეთი კატეგორიული თავის უარში“.
2018 წლის დეკემბერში, ცნობილმა აფხაზმა პოლიტიკოსებმა, სტანისლავ ლაკობამ და ვადიმ სმირმა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „საერთო საქმის“ შექმნის შესახებ განაცხადეს. მაშინ აქტიურად მუსირებდა აზრი, რომ მოძრაობა „არქიმანდრიტი დოროფეის“ მფარველობით შეიქმნა.
„ამ ორგანიზაციის არც ერთ შეკრებაში არ მიმიღია მონაწილეობა“, – დაწერა მამა დოროფეიმ.
„არ ვაპირებ (მთელი რიგი მიზეზების გამო) პოლიტიკით დავკავდე მოძრაობის მონაწილეთა უმრავლესობასთან ერთად, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქმედ პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასა და ცალკე მდგომ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად.
2018 წლის ბოლოს, ჩემთვის, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე: თუკი წარვადგენდი საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამეკეთებინა ეს მხოლოდ და მხოლოდ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო