აფხაზეთის ექსპრეზიდენტი კორუფციულ კავშირებში დაადანაშაულეს
აფხაზეთის ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი მისი პრეზიდენტობის დროს, 2014 წელს, რუსულ კომპანია „როსნეფტსა“ და აფხაზურ „აპსნი-ოილს“ შორის გაფორმებული კონტრაქტების კორუფციულ სქემებთან კავშირში დაადანაშაულეს.
• არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი? კამათი “დაზვერვის პროექტის” გარშემო გრძელდება
• მოსკოვი აფხაზეთს „სარკინიგზო“ კრედიტის დასაფარად კიდევ 10 წელს აძლევს
„ამ ბინძურ გარიგებებში ალექსანდრ ანქვაბის მონაწილეობის“ შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ალმას ჯოპუამ განაცხადა. პროკურატურამ უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა.
წინა მოწვევის პარლამენტში ალმას ჯოპუა სპეციალურ საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელიც ნავთობმოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობდა. თავის ბრალდებებს ის ამ კომისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზეც ამყარებს.
„2014 წლის მაისში, ალექსანდრ ანქვაბის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა შეთანხმებას „აპსნი-ოილთან“ აღმოსავლეთ აფხაზეთში ნავთობის დაზვერვისა და შემდგომი მოპოვების შესახებ. ამ კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა უცნობია, მისი კვალი კი კვიპროსის ოფშორამდე მიდის“, – ამბობს დეპუტატი ალმას ჯოპუა.
„ეს ერთგვარი მსხვილი კორუფციული სქემაა, რომელიც ანქვაბის მონაწილეობით ჩამოყალიბდა. აფხაზეთისთვის მეტად არახელსაყრელ ამ შეთანხმებებს ხელი მისმა ახლო მეგობარმა და ორგანიზაცია „აიტაირადან“ თანამებრძოლმა, ლეონიდ ლაკერბაიამ მოაწერა. ამ ნავთობის არცერთი ლიტრი აფხაზეთს არ ეკუთვნის და საუბარი იმის შესახებ, რომ წილი იქ ჩვენც გვაქვს – ბანალური ტყუილია“, – განაცხადა ნავთობის მოპოვების საკითხების შესახებ გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე ჯოპუამ.
მან თქვა, რომ არსებობს ასეთი არაპირდაპირი მტკიცებულება. იმ კონტრაქტებს ხელი მოაწერა ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა. ცოტა ხნის შემდეგ კი მან მინისტრის პოსტი დატოვა და „აპსნი-ოილის“ გენერალური დირექტორი გახდა.
„მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამას კორუფცია ეწოდება“, – აღნიშნა ჯოპუამ.
დღესდღეობით ალექსანდრ ანქვაბიც პარლამენტის დეპუტატია. ბრალდებების შემდეგ მან სიტყვა მოითხოვა და ძალიან მოკლედ თქვა:
„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ აუდიტორიას საიმისოდ, რომ თავს იმ არაზრდილობიანი კომენტარების უფლება მივცე, რომელსაც სიტუაცია მოითხოვს. ამ სისულელის კომენტირება შეუძლებელია.
მაგრამ მეც ძალიან მაინტერესებს სიმართლის დადგენაში მომავალი კომისიის დახმარება. მე საკმაოდ ინფორმირებული ადამიანი ვარ, ჩემთვის ცნობილია ბევრი ნიუანსი იმასთან დაკავშირებით, საერთოდ როგორ წარმოიშვა ეს თემა და მზად ვარ, საპარლამენტო კომისიას გავუზიარო“, – განაცხადა ალექსანდრ ანქვაბმა.
მედიასთან თანამშრომლობის საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, დაურ ამიჩბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მართალია, დეპუტატ ალმას ჯოპუას საჩივარი არ შეუტანია, მისი გამოსვლა მაინც ინფორმაციის წყაროდ შეფასდა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო