არითმეტიკა და თანამონაწილეობის ფილოსოფია
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მკვეთრი ცვლილებების, თვალისმომჭრელი დარღვევებისა და დამაიმედებელი პერსპექტივების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო მმართველობის მოდელი სომხეთისთვის სიახლეს წარმოადგენს, მაგრამ მთლიანობაში ამ სისტემის დებიუტი ვერ შედგა, რადგან ხელისუფლების ძირითადი ბერკეტები მმართველ პარტიასა და მისი მომიჯნავე ორ ბუფერულ (ნახევრად ოპოზიციურ) პოლიტიკურ ძალას დარჩა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ის, რომ პარლამენტში ერთი ახალი ძალა გაჩნდა, მაგრამ, არითმეტიკული თვალსაზრისით, ეს სიახლე გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს.
საერთოდაც, ეს კენჭისყრა არითმეტიკული გამოვიდა. ანუ ხმამ რიცხობრივი ჯამური ეკვივალენტი მიიღო, არჩევნების მოსყიდვის ფაქტორმა კი (რომელიც გამცემებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა და მიმღებებისთვისაც) არჩევნებს პოლიტიკური პროცესის ქვეტექსტი გამოაცალა და ყოფით-საანგარიშო ეპიზოდად აქცია.
ასეთ უპერსპექტივო და გამაწბილებელ ატმოსფეროში ხმის მიცემა წარუმატებლობისთვის განწირულ პიესაში მონაწილეობას ჰგავს. როდესაც შენს ხმას წონა არ აქვს და არ შესწევს ძალა, კონკურენცია გაუწიოს მოსყიდვების უამრავ შემთხვევას, ისღა დაგრჩენია, მომხდარს ფილოსოფიურად მიუდგე. უფრო სწორად, შეაფასო ერთი ადამიანის როლი – ამ ინდივიდის ხმა და პოზიცია. თეატრალური ენით რომ ვთქვათ, ისღა დაგრჩენია, შეეცადო, საკუთარი პიესა დადგა – იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შენ თვითონ იქნები მისი ერთადერთი მაყურებელი.
როდესაც მატერიალური ღირებულებებით გატაცების მასობრივ პროცესში მონაწილეობას გაურბიხარ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევისა და ბრძოლისთვის არ ხარ მზად (და, ამავდროულად, გინდა, რომ მომავალზეც იზრუნო), ერთადერთ ალტერნატივად დაკვირვება გრჩება.
ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ, საკუთარი იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსი არამხოლოდ მოსახერხებელი, არამედ ეფექტიანიცაა. იმ ადამიანებმა, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ და ჯერ კიდევ შერჩათ პოზიტიურად აზროვნების უნარი, გადაწყვიტეს, დამკვირვებლები გამხდარიყვნენ.
დამკვირვებლად ყოფნა ჩრდილში ყოფნას ნიშნავს, მაგრამ ამ როლს კონკრეტული უპირატესობა აქვს. დამკვირვებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროცესში, მაგრამ მასზე მაღლა დადგეს.
ეს სტატუსი, პოზიცია და სიტუაცია საშუალებას გაძლევს, ოპონირება გაუწიო ყველა სამართალდარღვევას – მიუხედავად იმისა, თუ ვინ არღვევს კანონს. და ამ შემთხვევაში, აზრი არ აქვს იმას, თუ რამდენად იმსახურებს სამართალდამრღვევი შენს სიმპათიას. საკუთარი სახელით საუბრობ და საკუთარ ადგილზე იმყოფები. და საგანგაშო არაფერია იმაში, რომ საკუთარი ადგილის ძებნაში მთელი კვირადღე დაკარგე.
2 აპრილს მონიტორინგის მისია 28 661-მა ადამიანმა განახორციელა. დამკვირვებლები სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო სტრუქტურებსა და კერძო ინიციატივით შექმნილ ჯგუფებს წარმოადგენდნენ.
დამკვირვებელთა შორის დიასპორის წარმომადგენელი ცნობილი სომხებიც იყვნენ – ადამიანები, რომლებიც სომხეთში უყვართ; მოღვაწეები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში პატივს სცემენ. მაგალითად, ჯგუფ System of a Down-ის სოლისტი და დამფუძნებელი, როკმუსიკოსი სერჟ ტანკიანი, კინორეჟისორი ატომ ეგოიანი, მსახიობი არსინე ხანჯიანი, რეჟისორი და სცენარისტი ერიკ ნაზარიანი და ა.შ.
ამ პერსონებს სომხეთის მომავალი აღელვებთ და, ამავდროულად, მის პრობლემებში არ არიან ჩაფლულნი. ისინი ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ ახლანდელ მონურ მდგომარეობასა და დიდ იმედებს შორის.
ატომ ეგოიანი შეეცადა, საზოგადოება გამოეფხიზლებინა. იგი ამბობდა, რომ მზარდი აპათიის შეჩერება სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და პირადი პოტენციალის რეალიზაციითაა შესაძლებელი: «მოქალაქეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ არჩევნებში, რადგან ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების ფორმირებას არ გულისხმობს. მთავარი ისაა, რომ ამ გზით განისაზღვრება ქვეყნის მომავალი, რომელიც თითოეული ხმის საფუძველზე იქმნება».
არსინე ხანჯიანმა განაცხადა: «ჩვენ სომხეთის მოქალაქეები არ ვართ და ამიტომ არ შეგვიძლია არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ მხარს დაგიჭერთ და თქვენს უფლებებს დავიცავთ».
საინიციატივო ჯგუფი „მოქალაქე-დამკვირვებელი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობდა – მისი წარმომადგენლები სხვადასხვა საარჩევნო უბანში დადიოდნენ, აკვირდებოდნენ პროცესებს, გამოჰქონდათ დასკვნები, აღრიცხავდნენ ინციდენტებს, აწარმოებდნენ დიალოგებს და ისევ აკვირდებოდნენ. ეს სტატუსი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი მატერიალური ინტერესისგან, ადამიანის არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპის, „საჭიროობის“ აღდგენას ემსახურებოდა.
ადამიანებს საშუალებას აძლევდა, საჭირო საქმე ეკეთებინათ. თანაც ისე, რომ არ გასვრილიყვნენ.
ავტორიტარულ ქვეყნებში სწორედ ამ დილემას ეფუძნება რომელიმე ძალის გავლენა დანარჩენ საზოგადოებაზე – ეს გარემოება ადამიანს „საჭიროობის“ განცდას ართმევს და გულისხმობს იმას, რომ ადამიანი შეიძლება მხოლოდ მომსახურების ჯაჭვის რგოლს წარმოადგენდეს, თავად არაფერს წყვეტდეს და ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნდეს.
მომსახურე ადამიანმა გამოყენებულად და ბინძურად უნდა იგრნოს თავი, იმიტომ რომ უნებლიეთ, სხვადასხვა გარემოების (სიღარიბის, რწმენის უქონლობისა და შიშის) საფუძველზე იქცა მსახურად.
დამკვირვებლის როლი ადამიანს „საჭიროობისა“ და თავისუფლების პოზიტიურ შეგრძნებას ჰგვრის. დამკვირვებელი თავისუფალია ნებისმიერი პირობითობისგან და მას ეს მოსწონს. მთავარი კი ისაა, რომ ის თავისუფალია ადმინისტრაციის იერარქიული დაქვემდებარებისგან.
არჩევნები თეატრალურ დადგმას ჰგავს, რომელშიც თვინიერი, ქრთამის ამღები ამომრჩეველი-მსახიობები რიცხობრივ უპირატესობას ფლობენ და დამდგმელი რეჟისორის (ადმინისტრაციული რესურსის მქონე პოლიტიკური ძალის) ყველა მითითებას ასრულებენ. მაგრამ საკუთრივ არჩევნების დროს უნდა ახსოვდეთ, რომ მაყურებელიც არსებობს.
და ეს მაყურებელი მშვენივრად ხედავს მსახიობების ხელოვნურ თამაშს, შიშსა და საკუთარი თავის უმნიშვნელობის განცდის გადალახვის საიდუმლო და ამაო მცდელობებს.
თითოეული ამომრჩეველი საკუთარი თავის დამკვირვებელია, ისევე როგორც თითოეული მსახიობი – საკუთარი თავის კრიტიკოსი. და ეს კრიტიკოს-დამკვირვებელი დღეს თუ არა, რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გაიღვიძებს.
და ეს ერთადერთი ოპტიმისტური და იმედისმომცემი წერტილია იმ სიტუაციაში, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა.