აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღის საკითხში პროგრესია. რას პასუხობს ამ განცხადებას სომხეთი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესში ურთიერთგაგებას მიაღწიეს, სომხეთში მსჯელობის მიზეზად იქცა. ექსპერტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები მკითხაობენ, თუ რას გულისხმობდა ელმარ მამედიაროვი.
რა თქვა კონკრეტულად მამადიაროვმა?
ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ზოგრაბ მნაცკანიანთან შეხვედრამ, რომელიც მილანში 5 დეკემბერს გაიმართა, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ურთიერთგაგების მიღწევის საშუალება გააჩინა.
„მიმაჩნია, რომ მილანში ჩემს სომეხ კოლეგასთან უკანასკნელი შეხვედრის დროს დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ურთიერთგაგებას მივაღწიეთ“.
ელმარ მამედიაროვმა ასევე განაცხადა, რომ 2019 წლის იანვარში სომეხ კოლეგასთან მისი მორიგი შეხვედრა შედგება:
„ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძებნას მივუძღვენი. ეს მომდევნო წელსაც მთავარ ამოცანად დარჩება, ძირითადი მიზანია – საგრძნობი შედეგების მიღწევა.“
ოფიციალური ერევნის რეაქცია
ელმარ მამედიაროვის განცხადებაზე კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საუბარია სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების და ეუთოს მინსკის ჯგუფის დელეგაციების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებაზე:
„შეთანხმებები, რომლებიც სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, მილანში ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში იქნა მიღწეული, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა“.
რა არის ნათქვამი განცხადებაში
მოკლედ და ყველაზე მთავარს თუ ვიტყვით, ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:
- მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, მუშაობა გაგრძელდეს;
- თანათავმჯდომარე ქვეყნები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ სექტემბერში დუშანბეში გამართული სამიტის დროს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის საუბრის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევათა რაოდენობა და მსხვერპლის შესახებ შეტყობინებები შემცირდა;
- თანათავმჯდომარეებმა მხარეებს მოუწოდეს, კონკრეტული ზომები მიიღონ იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ქვეყნების მოსახლეობა მშვიდობისთვის მოამზადონ;
- თანათავმჯდომარე ქვეყნები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში უმაღლეს დონეზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის ინტენსიური დიალოგი განახლდება;
- საგარეო საქმეთა სამინისტროების მორიგი შეხვედრა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, 2019 წლის დასაწყისში შედგება, რათა მომავალი მაღალი დონის შეხვედრებისთვის ნიადაგი მომზადდეს.
სოციალური ქსელების რეაქცია სომხეთში
სოციალური ქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა გადაწყვიტა, რომ ყარაბაღის საკითხის მოგვარების საქმეში ერევანმა და ბაქომ რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს.
სოციალური ქსელის Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:
„გამორიცხულია, რომ ჩვენ რაიმე ტერიტორია დავთმოთ. არც ერთი სანტიმეტრი“.
მეორე კი დასძენს:
„შესაძლოა, აზერბაიჯანმა ყარაბაღის დამოუკიდებლობა ცნოს, და სანაცვლოდ, ყარაბაღის გარშემო არსებული ტერიტორიები მოითხოვოს. რა იქნება ჩვენი პასუხი? დარწმუნებული ვარ, რომ ფაშინიანს თავის ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს“.
სომეხი ექსპერტის მოსაზრება
ერევნის პრეს-კლუბის თავმჯდომარე ბორის ნავასარდიანი აღნიშნავს, რომ მამედიაროვის განცხადება მიზნად სომხურ მხარეზე ზეწოლის მოხდენას ისახავს:
„არ მგონია, რომ აზერბაიჯანი სომხეთის ხელისუფლებისგან ყარაბაღის საკითხში მკვეთრ ცვლილებებს უნდა მოელოდეს. ვინაიდან ჩვენი პოზიცია მკაფიოა: პრობლემის შესახებ მაშინ ვილაპარაკებთ, როდესაც აზერბაიჯანი ამისთვის მზად იქნება, ის კი ჯერჯერობით მზად არ არის. მომავალ წელს ამ საკითხში მკვეთრი ცვლილება შეიძლება მხოლოდ სამხედრო კონფლიქტის განახლება იყოს. გადაწყვეტისა და ურთიერთდათმობების წინაპირობა კი ჯერ არ არსებობს”.
აზერბაიჯანელი ექსპერტის მოსაზრება
JAMnews-ის ბაქოელი პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში მამედიაროვის სიტყვებს ალბათ ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ, რომ არა – სომხეთის მედიის ასეთი გამოხმაურება:
„მორიგი შეხვედრა, მორიგი განცხადება, როგორიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ასზე მეტიც კი ყოფილა. რა არის სიახლე? ის, რომ ალბათ პირველად მოხდა, როდესაც აზერბაიჯანის მხარემ „დაასწრო“, და რაღაც მიღწეული შედეგების შესახებ პირველმა განაცხადა, თუნდაც ეს მხოლოდ „ურთიერთგაგება“ იყოს. აქამდე ხომ აზერბაიჯანის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მოლაპარაკებების დეტალებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტვიტერის აკაუნტიდან იგებდნენ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უკვე გამოქვეყნებულ ახალ ამბებზე, უკეთეს შემთხვევაში, მეორე დღეს რეაგირებდა.
ახლა კი ჩვენმა მინისტრმა პირველმა თავად გამოაქვეყნა ინფორმაცია. რასაკვირველია, ეს მისასალმებელია, მაგრამ მხოლოდ მკითხაობა შეიძლება იმის თაობაზე, თუ რა მოხდა იქ სინამდვილეში ისეთი, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის მოლაპარაკებების ირგვლივ საინფორმაციო ფონის ფორსირება დაიწყო. არ მგონია, რომ ასეთი მოკლე დროის განმავლობაში რაიმე სერიოზული შეიძლებოდა მომხდარიყო. არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის საზოგადოება რაიმე კომპრომისული გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ მზად არ არის. ასე რომ, მამედიაროვის სიტყვების მნიშვნელობის გადაჭარბებულად აღქმა არ ღირს“.