ზურაბიშვილის გამოსვლა და კობახიძის პასუხი - თავდაცვის ძალების დღეზე, პრემიერმა პრეზიდენტს მოღალატე უწოდა
ზურაბიშვილის გამოსვლა და კობახიძის პასუხი
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ დღეს ამუშავდა “შავბნელი ძალები”, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას. მისივე თქმით, “ვიღაცებს სურთ”, რომ “ჩვენი” 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც “რაღაც უცნობ და უსახო” ომის პარტიად.
შემდეგმა გამომსვლელმა, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ სიტყვაში არ მოიხსენია, ვინაიდან, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იყო. მან პრეზიდენტს მოღალატე უწოდა.
რა თქვა პრეზიდენტმა
“მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები და ცდილობენ ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.
მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს, მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.
30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება, ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული.
ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი, ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.
ამ 33 წლის მანძილზე, არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ.
საქართველოს ჯარმა, ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე – ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა, ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები – საქართველოს ჯარმა იცის, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.
დღეს, ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობ და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში – ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
კობახიძის პასუხი
“ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართველ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის, ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს.“ – განაცხადა კობახიძემ.