YouTube-მა გერმანიაში რუსული ტელეკომპანია RT-ის არხები დაბლოკა
YouTube-მა რუსული ტელეკომპანია RT-ის ორი არხი წაშალა
YouTube-მა რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის (RT DE) გერმანული რედაქციის ორი არხი კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, აღდგენის შესაძლებლობის გარეშე წაშალა. არხის ხელმძღვანელობა კი საპასუხოდ რუსეთში გერმანული მედიის აკრძალვით იმუქრება.
როგორც რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ იტყობინება, წაშალეს არხები RT DE და Der Fehlende Part (DFP). RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა მომხდარს მედია ომი უწოდა, რომელიც “გერმანიის სახელმწიფომ რუსეთის სახელმწიფოს გამოუცხადა“.
გარდა ამისა, RT-ს მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ „ძალიან ელოდება“, როდის აკრძალავენ საპასუხოდ რუსეთში გერმანულ მედიას.
საკუთარ Telegram-არხზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც: „ვამზადებთ კომენტარს ამ თემაზე. ის ყველას მოეწონება, განსაკუთრებით, გერმანელ ჟურნალისტებს“.
Google-ს პრესსამსახურში განმარტეს, რომ RT-ის გერმანულენოვანი არხები Youtube-ს წესების დარღვევის გამო წაშალეს, რომელიც კორონავირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას უკავშირდება.
„RT გაფრთხილებული იყო ისეთი მასალის ატვირთვის გამო, რომელიც არღვევს ჩვენს წესებს COVID-19-ის შესახებ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ამან გამოიწვია ვიდეოს გამოქვეყნებაზე მათი უფლებების შეჩერება“, – განაცხადეს კომპანიაში.
Google-ში დააზუსტეს, რომ RT-ს მეორე არხიც დაბლოკეს, რადგან პირველის შეჩერების პერიოდში, რედაქცია სწორედ მას იყენებდა შეზღუდვებისთვის თავის ასარიდებლად.
RT-ს რედაქციაში აცხადებენ, რომ მათი ჯამური დღიური ტელეაუდიტორია ევროპაში – 43 მილიონი ადამიანია 15 ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში აუდიტორიამ კი 100 მილიონს მიაღწია. RT ევროპის ყველა მსხვილ ქვეყანაში მაუწყებლობს, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.