როგორ შეიძლება შევიდეთ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე: ახალი წესები
მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის განახლებული წესები წარმოადგინა. როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, შესვლის წესები ომისშემდგომი ვითარების გამო, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე შეიცვალა.
ყარაბაღის დაუმთავრებელი ომი: ფსიქოლოგიური პრობლემების ეტაპი
ყარაბაღი: რა ელის “ახალ” და “ძველ” დევნილებს
ყარაბაღში, მასშტაბური სამხედრო ესკალაცია 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. ის 44 დღეს გაგრძელდა და „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელწოდება მიიღო. საბრძოლო მოქმედებები სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი განცხადებით შეწყდა.
ახლა, ყველა უცხოელმა მოქალაქემ, რომელსაც მთიან ყარაბაღში შესვლა სურს, თავდაპირველად უნდა მიმართოს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ნებართვა მიიღოს. ამასთან ერთად, ეს პროცედურა ვრცელდება როგორც იმ მოქალაქეებზე, რომლებისთვისაც აუცილებელია ვიზა, ისე უვიზო ქვეყნების მოქალაქეებზე.
ინფორმაცია ტერიტორიაზე შესვლის განაცხადის შესახებ, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ასევე მიეწოდება რუს მშვიდობისმყოფელებს – უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას, შესვლის სერტიფიკატს კი მათ ერევანში, არცახის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობაში გადასცემენ. ამის შემდეგ, ისინი არცახში გამგზავრებას შეძლებენ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შესვლის ნებართვა 3-4 სამუშაო დღეში გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუკი განცხადების გადახედვის პროცესი უფრო მეტ დროს მოითხოვს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამის შესახებ წინასწარ შეატყობინებენ.
პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მექანიზმი დანერგვის პროცესშია, მაგრამ ბოლო დღეებში, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, ახალი წესების მიხედვით უკვე შევიდნენ რიგი უცხო ქვეყნის მედიასაშუალებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ყარაბაღის მეორე ომამდე, უცხოელებს შესვლის ნებართვას ადგილზე, მთიანი ყარაბაღის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ აძლევდნენ.
განცხადება ახალი წესების თაობაზე მოჰყვა სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტში იმ დაყრილი ხმების აქტიურ განხილვას, რომ ომის შემდეგ, მთიან ყარაბაღში უცხოელების შესასვლელად აზერბაიჯანის ნებართვა იქნება საჭირო.