წელს ბანკეტების გამართვა აკრძალულია. როგორ უნდა ჩატარდეს ბოლო ზარი?
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წელს ბანკეტების გამართვა იკრძალება.
მათი განმარტებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების – ბანკეტების გამართვა.
საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც განათლების სამინისტროს გადაუგზავნა. რეკომენდაციებში გაწერილია ყველა ის პუნქტი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ბოლო ზარი:
● შესაძლებელია ბოლო ზარის ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.
● თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.
● ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.
_________________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
● აფხაზეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
● დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება
_________________________________
საქართველოში კოვიდვითარება ისევ მძიმეა. ქვეყანაში ყოველდღიურად ათასზე მეტი ინფიცირებული და 30-მდე გარდაცვლილია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მაისის ბოლოს ვითარება დასტაბილურდება. საქართველოში შემსუბუქდა კომენდანტის საათიც – 17 მაისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდა.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ ორს – “ფაიზერს” და “ასტრაზენეკას” ჰქონდა გავლილი ამ დრომდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოფარმს” ჯანმომ ავტორიზაცია 6 მაისს მიანიჭა.