ვიდეო სომხეთში საპროტესტო აქციებიდან, სადაც ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს
1 მაისს, სომხეთში, ოპოზიციონერებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების აქტიური ეტაპი დაიწყო. მოძრაობას ორი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია – “ჰაიასტანი”(სომხეთი) და “მაქვს პატივი” ხელმძღვანელობს.
ოპოზიციონერები პრემიერის გადადგომას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ ნიკოლ ფაშინიანი “სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების ჩაბარების მანკიერ პოლიტიკას ახორციელებს“. ამ სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად ისინი ხელისუფლების შეცვლას ასახელებენ. თუმცა, ჯერჯერობით ოპოზიციის ლიდერებს არ უთქვამთ თავად რა გეგმა აქვთ „სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გადასარჩენად“.
აქციის მონაწილეები კეტავენ ქუჩებს, მართავენ მსვლელობებს და მიტინგებს, მაგრამ ჯერჯერობით მომიტინგეთა რაოდენობა არ არის კრიტიკული.
ექსპერტების აზრით, ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ ზუსტად იმეორებს ქუჩის ბრძოლის იმ მეთოდებს, რომელსაც 2018 წელს, “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი იყენებდა. გარდა ამისა, პოლიტოლოგების აზრით, საჭიროა ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური შინაარსი, რომელიც ჯერ არ ჩანს.
ექსპერტების აზრით, კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც, ოპოზიცია ვერ ახერხებს მის გარშემო მომხრეების შეკრებას, ადგილობრივების სურვილია – არ დაბრუნდნენ წარსულში, ანუ, არ დაუშვან “ყოფილების” დაბრუნება.
საქმე იმაშია, რომ ორივე საპარლამენტო ფრაქციის უკან, რომლებიც ხალხს ქუჩაში ეძახიან, მთავრობის ყოფილი წევრები არიან. საუბარია სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებზე, რობერტ კოჩარიანსა და სერჟ სარგსიანზე, რომელთაც საზოგადოება პრორუს პოლიტიკოსებად მიიჩნევს.