ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან რვას პატიმრობა მიესაჯა
ვაკის პარკის ტრაგედია
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან რვას პატიმრობა შეეფარდა.
უდანაშაულოდ ცნეს მხოლოდ ვალერი გობეჯიშვილი, თავისუფლების აღკვეთა კი მიესაჯათ:
- თბილისის მერიის კონტრაქტორ “გრინსერვის+”-ის დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს – 6 წელი;
- თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს – 3 წელი;
- “გრინსერვისი+”-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს – 3 წელი;
- შპს „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიანს – 3 წელი;
- “მშენ-ექსპერტის” დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილს – 3 წელი და 6 თვე;
- “მშენ-ექსპერტის” ექსპერტი დავით თუშიშვილს – 3 წელი და 6 თვე;
- შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელ ლაშა ჭიყიტაშვილს – 3 წელი;
- ელექტროშემდუღებელ გიორგი გობეჯიშვილს – 4 წელი.
● დედაქალაქის მერი: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო
● რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა
● ვაკის პარკის შადრევანში ორ ბავშვს დენმა დაარტყა. დაიღუპა 13 წლის გოგონა
შემთხვევა 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა – ვაკის პარკში დენმა დაარტყა ორ მოზარდს, რომლებიც შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას გული გაუჩერდა. მეორე მოზარდის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კომპანია, რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა, 2013 წელს ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, მისი დამფუძნებლები კი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააპატიმრეს.
გამოძიება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ კორუფციულ დანაშაულს იძიებდა. საქმეში იკვეთებოდა, რომ ყოფილმა ჩინოვნიკებმა – ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ 2007 წელს თავიანთი ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს “გრინსერვისი“, სინამდვილეში კი კომპანიის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები თავად იყვნენ.
ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა და მთელი ამ სქემის ნამდვილობა აღიარა. იგი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი ორი წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.
იმის ნაცვლად, რომ კორუფციაში მხილებული კომპანიისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აეკრძალა, “ქართულმა ოცნებამ” ფურცხვანიძესთან ურთიერთობა აღადგინა. ოღონდ ამჯერად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა არა “გრინსერვისი”, რომლის წინააღმდეგ იყო საქმე აღძრული, არამედ “გრინსერვის+” (იგივე კომპანია შეცვლილი სახელით).
2013 წლის იანვრიდან “გრინსერვის +” მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან.