ოპოზიციის ულტიმატუმი ფაშინიანს: დატოვოს თანამდებობა 8 დეკემბრამდე
ერევანში, ოპოზიციის მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მოქმედი მთავრობის გადადგომას ითხოვს.
ოპოზიციონერებმა ულტიმატუმი წამოაყენეს: ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა 8 დეკემბრის შუადღემდე უნდა დატოვოს. თუკი მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილებლობის აქციებით იმუქრება.
ოპოზიციის მიერ დასახელებული სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვაზგენ მანუკიანი მრავალათასიანი მიტინგის დროს, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რა ამოცანების გადაწყვეტას გეგმავს დროებითი ხელისუფლება. მან განაცხადა, რომ თუკი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარი ნებით არ გადადგება, მას ამის გაკეთებას აიძულებენ.
მიტინგის შემდეგ, პროტესტის რამდენიმე ათასი მონაწილე მსვლელობით ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციისკენ გაემართა. ისინი სკანდირებდნენ – „სომხეთი ნიკოლის გარეშე“ და „ნიკოლი – მოღალატე“.
17 ოპოზიციური პარტია ერევანში საპროტესტო აქციას მას შემდეგ მართავს, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ სამმხრივ განცხადებას მოაწერა ხელი.
- სომხეთში მიტინგებისა და გაფიცვის გამართვაზე აკრძალვა მოიხსნა
- ვინ არის დამნაშავე წარუმატებელ ომში? ფაშინიანის კომენტარი
- საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს – საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
ოპოზიციის ულტიმატუმი
„ჩვენ კიდევ ერთი მოთხოვნა გვაქვს – ნიკოლი უნდა წავიდეს. ჩვენ შეგვიძლია ორი საკითხის განხილვა – ნიკოლის გადადგომის დრო და საათი, ასევე პირობა, რომ ჩვენი ხალხი არ მისცემს საკუთარ თავს უფლებას მას ფიზიკურად გაუსწორდეს“, – განაცხადა პარტია „დაშნაკცუტუნის“ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა.
ეს განცხადება იმ სამთავრობო შენობის წინ გაკეთდა, სადაც ნიკოლ ფაშინიანი ცხოვრობს – „რათა მასთან ახლოს ვიყოთ, რომ მან ხალხის ხმა გაიგოს“. საგატელიანის თქმით, ამრიგად შეიძლება ფაშინიანი მიხვდეს, რომ მისი გადადგომა ხალხის მოთხოვნაა:
„თუკი ის სამშაბათამდე არ წავა, ჩვენ მას ჩამოვაშორებთ და წერტილი“.
რას გვთავაზობს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი
„ფაშინიანმა უნდა გაიგოს, რომ ეს მოძრაობა – ცივილიზებულად წასვლის შანსია. თუკი მოძრაობა დამარცხდება, განრისხებული ადამიანები გაანადგურებენ მას. ის ნებისმიერ შემთხვევაში წავა“, – განაცხადა გამოსვლის დროს, დროებითი მთავრობის მეთაურობის ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა.
მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანა ომში დამარცხებამდე, ტერიტორიებისა და ადამიანების დაკარგვამდე მიიყვანა. მანუკიანის განცხადებით, თვითონ სომხეთის არსებობაც კი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან აზერბაიჯანელები ახლა წყვეტენ, სად გაავლონ საზღვარი და ვერ იღებენ პასუხს სომხეთის ხელისუფლებისგან.
„ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამ განცხადებებს (საუბრობს ყარაბაღის შესახებ სამმხრივ განცხადებაზე – JAMnews), მაგრამ ის ახლა დე ფაქტოდ არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია მასზე უარის თქმა, რადგან ეს თურქეთსა და აზერბაიჯანთან ომის განახლების ნიშანი იქნება, ასევე, განიხილება, როგორც ნაბიჯი რუსული სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ, რომელიც ყარაბაღშია განთავსებული.
ჩვენ ახლა ამის გაკეთების მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ განცხადება დაუდევრად არის შედგენილი, მასში ბევრი ხარვეზია, ახალმა ხელისუფლებამ ყველა ნიუანსი ჩვენთვის ხელსაყრელად უნდა დააზუსტოს“.
ვაზგენ მანუკიანი იმ ამოცანებზეც საუბრობდა, რომელსაც დროებითი მთავრობა გადაწყვეტს:
- აღვადგინოთ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მოლაპარაკებების პროცესი,
- დავკავდეთ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროცესით,
- დაჭრილების მკურნალობით,
- მივცეთ სოციალური გარანტიები დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსა და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულებს.
მანუკიანის აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, არმიის ომისუნარიანობის აღდგენაა.
ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მნიშვნელობას. რეგიონში, სომხეთისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მიაჩნია პრემიერობის კანდიდატს, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთისა და თურქეთის ინტერესებზე:
„მსოფლიო არ აპატიებს თურქეთს მის თავხედობას და თუკი თურქეთის წინააღმდეგ კავშირი შეიქმნება, ჩვენ მასში ვიქნებით“.
„პრემიერის სავარძელში პოლიტიკური გვამი ზის“
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა, არტურ ვანეციანმა მიტინგის დროს განაცხადა:
„ამ მომენტში, პრემიერის სავარძელში პოლიტიკური გვამი ზის, რომელიც, არსებითად, ყალბია“.
ხელისუფლებაში ფაშინიანის ყოფნის ყოველი დღე, ქვეყანას ინვესტიციებს, მოსახლეობას კი კარგი ცხოვრებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას აკარგვინებს, განაცხადა ვანეციანმა.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ მიუღებლად მიაჩნია ფაშინიანის განცხადებები იმის შესახებ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში, 9 ნოემბერს, მას ალტერნატივა არ ჰქონდა:
„ჩვენ ისეთ ხელისუფლებას შევქმნით, რომელიც გამოსავლის ალტერნატიულ გზებს უზრუნველყოფს, მსოფლიოში სომხეთის რეიტინგს მაღლა ავწევთ“.
ვანიციანის თქმით, ახალი მთავრობა აპირებს აღადგინოს სახელმწიფოს შიდა იმუნიტეტიც. მარცხის ერთ-ერთ მიზეზად მასაც და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც სომხურ-რუსული ურთიერთობების სამარცხვინო მდგომარეობა მიაჩნიათ.
კიდევ ვინ ითხოვს პრემიერის გადადგომას
ის, რომ ნიკოლ ფაშინიანი უმჯობესია თანამდებობიდან გადადგეს, უკვე არაერთხელ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა. ასეთი განცხადებით გამოვიდა მეცნიერებათა აკადემიაც.
მიტინგამდე ცოტა ხნით ადრე, სომხეთის საზღვრისპირა სიუნიქის ოლქის შვიდი თემის თავმჯდომარე ასევე გამოვიდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მოქმედი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით:
„მტერი სიუნიქის კართან მოვიდა. ამ დროისთვის ჩვენი უმთავრესი ამოცანა – სიუნიქის დაცვა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ყოველი წუთი ძალიან ღირებულია და შეიძლება შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის სამხრეთ რეგიონისთვის, სიუნიქისთვის საბედისწერო დღეებში, ბევრი საკითხი რჩება ხელისუფლების მხრიდან პასუხგაუცემელი. კერძოდ, საუბარია სადავო საკითხებზე, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვარს უკავშირდება. როგორც თემების ხელმძღვანელები აცხადებენ, ის ვერ წყდება ხელისუფლების მხრიდან და ამ ბოლო მომენტში, უსაფრთხოების გარანტები საკუთარი თავისთვის მხოლოდ თვითონ არიან.
დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ყოველდღიურად სულ უფრო მეტად რწმუნდებიან მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოსალოდნელი კატასტროფის განეიტრალების შესაძლებლობის არარსებობაში და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.