თითქმის ერთი თვეა სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
1 ნოემბერს გახდება ერთი თვე, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. ცნობილია, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში, სააკაშვილს მიღებული აქვს მხოლოდ ერთი 50 მლ თაფლი, ისიც მხოლოდ შიმშილობის პირველ კვირას.
ექიმები, რომლებიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან, ამბობენ, რომ ნებისმიერ წუთს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს.
ხელისუფლება უარს ამბობს ექს-პრეზიდენტის გადაყვანაზე სხვა რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში გარდა ციხის საავადმყოფოსა. თუმცა, ციხის საავადმყოფოში, სახალხო დამცველის დასკვნით, არც მისი მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობს და არც უსაფრთხო გარემოა ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
თავად მიხეილ სააკაშვილი პოზიციას არ იცვლის – ის უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე და არც ციხის საავადმყოფოში გადასვლას თანხმდება. მისი თქმით, ვიდრე ის პატიმრობაშია, საკვებს არცერთი ფორმით არ მიიღებს. სააკაშვილი არ ეთანხმება მის მიმართ გამოტანილ მსჯავრს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტთან ციხეში უშვებენ მის ადვოკატებს, ის ინახულეს ოჯახის წევრებმა, რამდენიმე მეგობარმა და ასევე, უკრაინის სახალხო დამცველმაც.
JAMnews-მა შეკრიბა ყველა ინფორმაცია, რაც ამ დროისთვის ვიცით ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
შიმშილობის ერთი თვე
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სახალხო დამცველმა გაავრცელა.
სწორედ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია იყო პირველი, ვინც მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაყვანის შემდეგ მოინახულა. სააკაშვილთან ლომჯარია მისი დაკავების დღესვე, ანუ 1 ოქტომბერს შევიდა და შეხვედრიდან გამოსულმა თქვა, რომ ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება მსჯავრს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
4 ოქტომბერს სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა წერილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ შიმშილობას გათავისუფლებამდე არ შეწყვეტს.
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. რას ამბობენ ექიმები და ომბუდსმენი
● ევროპარლამენტარები და ყოფილი პრეზიდენტები – ვინ აწერს ხელს სააკაშვილის მხარდამჭერ წერილს
8 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარიაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში შვიდი ქილა თაფლი და ნატურალური წვენი შეიძინა და საკვების მიღება დაიწყო. იმავე დღეს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ მას საკვები არ მიუღია და შიმშილობის გამო 12 კილოგრამი დაიკლო.
-
საქართველოში შემოსვლა და დაკავება – რა უძღოდა წინ შიმშილობის დაწყებას
27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად საქართველოში უნდა ჩამოფრენილიყო. პირველ ოქტომბერს კი ფეისბუკის პოსტით საზოგადოებას ამცნო, რომ უკვე საქართველოშია. ამავე დღეს, ორი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია.
თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ “მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია”. სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლას უარყოფდა “ქართული ოცნებაც”. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიზე იმასაც ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები საქართველოში ჩაწერილი არ არის და ყალბია. მამუკა მდინარაძე კი ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცშიაო.
დღის ბოლოს(19:45 საათი), საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შს მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ “ძებნილი სააკაშვილი დაკავებულია”. მისივე მტკიცებით, შესაბამის უწყებებს სააკაშვილის მარშრუტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ და დასაკავებლად ისეთ ადგილი შეარჩიეს, სადაც ნაკლები ხელშემშლელი ფაქტორი იყო.
ორი დღის შემდეგ კი, 10 ოქტომბერს, ექიმი უკვე სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მან თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ წყალს სვამს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
ამავე დღეს, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სააკაშვილს იშვიათი სისხლის დაავადება თალასემია აქვს:
“სისხლის ამ დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს”, – თქვა ყიფშიძემ და განმარტა, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება მას თავად მესამე პრეზიდენტმა მისცა.
მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, მისი ექიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
11 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ, რომელიც რუსთავის ციხეში ყოფილი პრეზიდენტის სანახავად იმყოფებოდა, განმარტა, რომ სააკაშვილმა, ექიმის რეკომენდაციით, ციხის მაღაზიაში ხუთი ცალი 50 მილიგრამიანი ქილა თაფლი შეიძინა. მას შემდეგ კი, რაც გაიგო, რომ ამით სპეკულირებენ, ოთხი ქილა თაფლი ადმინისტრაციას ჩააბარა, ერთი კი უკვე გახარჯული ჰქონდა.
● “თავისუფლება მიშას” – თბილისში მრავალათასიან აქციაზე სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
● საპატრიარქო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ექს-პრეზიდენტი უარზეა
ამავე დღეს სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს უჭირს მოძრაობა, შეეცვალა მეტყველება და შიშობს, რომ შესაძლოა, მან 30 ოქტომბრამდე, არჩევნების მეორე ტურამდე, ვერ მიაღწიოს.
შიმშილობის მეთორმეტე დღეს, 12 ოქტომბერს, სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ასევე თქვა, რომ შიმშილობის გამო, ყოფილ პრეზიდენტს გადაადგილება და მეტყველება უჭირს.
ამავე დღეს, 12 ოქტომბერს, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ჯანდაცვის უწყებას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოეყო.
-
რას ედავებიან სააკაშვილს
სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილი ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტია.
სააკაშვილი უკვე არის მსჯავრდებული ორ ეპიზოდზე. მას 6 წლით აქვს აღკვეთილი თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ძებნილ ექს-პრეზიდენტს დააპატიმრებდნენ სამშობლოში დაბრუნებისთანავე.
20 ოქტომბერს, უკვე ციხეში ყოფნის დროს, პროკურატურამ სააკაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – მას საზღვრის უკანონო კვეთაში ედება ბრალი.
სახალხო დამცველმა კი განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ყოფილ პრეზიდენტზე გაკეთებული განცხადებებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე სააკაშვილმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც.
15 ოქტომბერს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ფიზიკური მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ამავე დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ექიმების კონსილიუმზე მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის პირად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძეს ციხეში შესვლის ნება დართეს.
19 ოქტომბერს, იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით შეკრებილმა ექიმთა კონსილიუმმა ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა.
კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ თქვა, რომ შიმშილობის მე-20 დღე უკვე კრიტიკულია და გართულების ალბათობაც იზრდება. მისივე განმარტებით, შიმშილს, შესაძლოა, მოჰყვეს გულის უეცარი გაჩერება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შაქრის დონის არასტაბილურობა და სხვა გართულებები.
20 ოქტომბერს, ციხეში ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე, თუმცა შიმშილს კვლავ აგრძელებს. მანვე გააცნო საზოგადოებას სააკაშვილის კიდევ ერთი წერილი, სადაც იგი ამბობს: „სანამ დაპატიმრებული ვარ, არ მივიღებ საკვებს არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც“.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მას ციხის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.
სახალხო დამცველმა შეამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა N18 სამკურნალო დაწესებულება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის გასცა. კონსილიუმის დასკვნა ამბობს, რომ თუ პაციენტი გართულდება, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს ისეთ დაწესებულებაში, სადაც არის შესაბამისი აღჭურვილობა – კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), დოპლერ-სკანირება, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა(MRT).
24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო კონსილიუმის რეკომენდაციებთან შეუსაბამოა იყო. ამავე დროს, სახალხო დამცველმა თქვა, რომ სააკაშვილის აქ გადაყვანის შემთხვევაში არსებობდა უსაფრთხოების რისკიც.
„იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება სააკაშვილისთვის,” – განაცხადა სახალხო დამცველმა.
შიმშილობის 25-ე დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ წინა ღამით ექს-პრეზიდენტს ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა.
“ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა თავის დასკვნაში თქვა, რომ ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა”, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.
შიმშილობის ოცდამეექვსე დღეს, 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.
26 ოქტომბერს სააკაშვილის ფეისბუკის პირად გვერდზე მისი განცხადება გავრცელდა, სადაც იგი ამბობს, რომ როგორც არ უნდა გართულდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს:
“მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე”, – წერს სააკაშვილი.
27 ოქტომბერს სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი ამოაშენა და ამით, ფაქტობრივად, მასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება შეზღუდა.
მოგვიანებით, უკრაინელმა ექიმმა, რადას დეპუტატმა მაქსიმ პერებინისმა მედიასთან განაცხადა, რომ სააკაშვილის გასინჯვის საშუალება არ მიეცა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო მომსახურებასა და ანალიზებზე უარს ამბობს.
“ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის განმავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დაკვირვებას, გარკვეულ მედიკამენტოზურ ანალიზებს. მიშამ თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, იმის გამო, რომ მას უარს ეუბნებიან იურიდიულ დახმარებაზე, ის უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ის უარს ამბობს ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას უმსუბუქებს შიმშილობის პროცესს”, – თქვა ექიმმა.
ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მოინახულა. შეხვედრის შემდეგ კი თქვა, რომ სააკაშვილის უფლებები ილახება.
შიმშილობის მაგალითები საქართველოში
შიმშილობა – ეს არის ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული უარი საკვების მიღებაზე პროტესტის ნიშნად. შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ზომაა და მას ხშირად მიმართავენ მაშინ, როდესაც პროტესტის სხვა საშუალებები ან ამოწურულია ან არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, შიმშილობებს ხშირად აცხადებენ ციხეში სხვადასხვა მოთხოვნით.
შიმშილობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. თუმცა, საკვებზე ხანგრძლივად უარის თქვა ნებისმიერ შემთხვევაში საზიანოა ორგანიზმისთვის და თითქმის ყველა ორგანოზე ახდენს გავლენას. ასევე, ორგანიზმი ძალიან დაუცველი ხდება და განსაკუთრებით მოწყვლადია ინფექციებისთვის. ითვლება, რომ შიმშილობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ ჯანმრთელი ადამიანი, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.
კვებაზე უარის თქმიდან ერთი თვის ან სხეულის წონის 18%-ის დაკარგვის შემდეგ ორგანიზმში მძიმე და მუდმივი სამედიცინო გართულებები იჩენს თავს. ამ დროს მოშიმშილეს წყლის ყლაპვაც კი უჭირს, შესაძლოა, დაკარგოს სმენა და მხედველობა, უძნელდება სუნთქვა და ორგანოები მწყობრიდან გამოსვლას იწყებს. 45 დღის შემდეგ კი გულის უკმარისობის ან სერიოზული ინფექციის გამო სიკვდილის ძალიან მაღალი ალბათობა დგება.
რამდენიმე თვის წინ, შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის იმის გამო, რომ მასთან ციხეში არ უშვებდნენ მის პირად ექიმს. ნავალნიმ 24 დღე იშიმშილა.
შიმშილობას, როგორც პროტესტის ფორმას, მიმართავენ საქართველოშიც – როგორც ციხეში, ისე მის გარეთაც.
შიმშილობის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების მიერ გამოცხადებული შიმშილობა. ისინი აპროტესტებდნენ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ განხორციელებულ სამუშაოებს, რომელთა გამოც მათი საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობამდეა მივიდა.
ციხეში შიმშილობის შემთხვევები საქართველოშიც არის. პატიმრები, როგორც წესი, ციხეში პირობების გაუმჯობესებას ან მათი საქმეების გადახედვას ითხოვენ.
ადმინისტრაცია პატიმრებთან მოლაპარაკებების გზით ან დაშინებით აგვარებს ამ პრობლემას და როგორც წესი, ფართო საზოგადოებისთვის პატიმართა შიმშილობის ფაქტები ხშირად უცნობია, თუკი მათ შესახებ პატიმრის ოჯახის წევრებმა ან ადვოკატებმა არ ისაუბრეს მედიასთან.
ქართულ ციხეში მოშიმშილე პატიმრის გარდაცვალების პრეცედენტი არსებობს. შემთხვევა 2018 წელს მოხდა – “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
2018 წლის დეკემბერში, 40 დღიანი შიმშილობის შემდეგ გლდანის ციხეში გარდაიცვალა 34 წლის გიორგი ფასეიშვილი.
სიკვდილის მიზეზი შიმშილობით გამოწვეული გართულებები გახდა. როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავდნენ, ფასეიშვილი უარს ამბობდა არა მხოლოდ საკვებზე, არამედ მკურნალობაზეც.
“დაესვა დიაგნოზი – ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენია, დაუზუსტებელი კოაგულოპათია, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია. ბრალდებული გადაადგილებისას სარგებლობდა ინვალიდის ეტლით, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე”, – წერია სპეციალური პენიტენციურ სამსახურის განცხადებაში.
ფასეიშვილი მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და საქმის გადახედვას ითხოვდა.
როდესაც პატიმარი შიმშილობს, ფორმალურად ხდება მისი აღრიცხვა და შიმშილობის ფაქტის შესახებ სახალხო დამცველს ატყობინებენ. თუმცა, მაგალითად, ფასეიშვილის შემთხვევაში, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავდა, ასეთი ცნობა არ მისულა.
როდესაც პატიმარი შიმშილობს, არის პრაქტიკა, რომ მას იძულებით კვებავენ ან იძულებითი კვებით ემუქრებიან.
იძულებითი კვება ხდება ე.წ. ზონდით – მოშიმშილეს ცხვირსი შეუყვანენ მილს, რომელსაც საკვები კუჭში გადააქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევებში მიზანი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაა, იძულებითი კვება არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა.
გარდა იმისა, რომ საკვების ამ ფორმით მიღება მტკივნეულია, მას შეიძლება მოჰყვეს გართულებებიც – მაგალითად, სისხლდენა.