თავდასხმების ეპიდემია რუსეთის სკოლებში
რუსულ ქალაქ ულან-უდეში მეცხრეკლასელი თავს დაესხა მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მასწავლებელს. „მედუზას“ ინფორმაციით, მოზარდმა მოსწავლეებს და მასწავლებელს ნაჯახით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც საკლასო ოთახი „მოლოტოვის კოქტეილით“ გადაწვა.
ბოლო მონაცემებით დაჭრილია შვიდი ადამიანი; საკლასო ოთახში მყოფთაგან რამდენიმეს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა. თავდასხმის შემდეგ მოზარდს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა და ამჟამად მოზარდი ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ინტერფაქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმამდე მოსწავლე ცდილობდა თანამზრახველები ეპოვა, მაგრამ მეგობრების აყოლიება ვერ მოახერხა.
რუსეთში ბოლო კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე თავდასხმაა სკოლაზე. 15 იანვარს პერმში ორი მოზარდი შეიჭრა სკოლაში და დანით თავს დაესხა მასწავლებელს და მეოთხეკლასელებს – ორივე მათგანი ამ სკოლის მოსწავლეა. დაჭრილია 13 ადამიანი, მათ შორის, მასწავლებელიც.
პერმელი მოზარდების, ისევე, როგორც ულან-უდელი მოსწავლის მოტივები უცნობია.