საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმარი სოსო გოგაშვილი, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას და მის ოჯახს განადგურებით დაემუქრა. გოგაშვილი ამბობს, რომ მისგან სასურველი ჩვენების მიცემას ითხოვენ.
სოსო გოგაშვილის განცხადება მის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში გოგაშვილი მუქარის დეტალებზე წერს:
„კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება.
შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, „ოცნების“ ზონდერ მედიების შემოსევა”
სოსო გოგაშვილი წერს, რომ მისი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს აკისრებს.
სოსო გოგაშვილი მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას დაიცვან მისი ოჯახი:
“ასევე მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს – დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“, – ნათქვამია გოგაშვილის განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს.
18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სამი ბრალდება აქვს წარდგენილი:
მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
პირადი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-მოპოვება-გავრცელება;
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
დაკავებამდე გოგაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების სქემები არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს გადასცა.
უკვე 21 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გოგაშვილის მიწოდებული მასალები გაასაჯაროვეს. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.
გოგაშვილის საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მაღალჩინოსანი 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.