სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მეხუთედ გაახანგრძლივეს
12 აგვისტოს, რიგგარეშე სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კვლავ გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ის კორონავირუსის პანდემიის გამო, 16 მარტს დაწესდა. საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალია.
ახლა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 სექტემბრამდე იქნება ძალაში.
ადრე, ვიცე-პრემიერი, საგანგებო მდგომარეობის კომენდანტი ტიგრან ავინიანი უკვე საუბრობდა იმის შესახებ, რომ 12 აგვისტოს, რეჟიმი ბოლოჯერ გაგრძელდებოდა, ამავდროულად, გარკვეული შეზღუდვების ნაწილი კიდევ მოიხსნებოდა.
ყველა დეტალი: რა ცვლილებები შევიდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, რა დამოკიდებულება აქვს მის გაგრძელებასთან ოპოზიციას და რას წერენ სოციალურ ქსელებში.
• ბაქოში, კორონავირუსის ეპოქაში, პლაჟები გაიყო „კანონიერად“ და არც ისე
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემსუბუქება
კერძოდ, საუბარია სომხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე.
„უქმდება აკრძალვა ქვეყანაში იმ ადამიანების შემოსვლაზე, რომლების სომხეთის მოქალაქეები არ არიან. ამავდროულად, გათვალისწინებულია, რომ თუ სომხეთის ტერიტორიაზე შესვლისთანავე პირის ჰოსპიტალიზაცია არ ხდება, მაშინ, ეს უკანასკნელი თვითიზოლაციაში უნდა წავიდეს 14 დღის განმავლობაში. თუმცა, არსებობს ერთი სიახლე, რომლის თანახმადაც, 14 დღის განმავლობაში, შესაძლებელია შესაბამისი ტესტის გავლა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იზოლაციის რეჟიმი უქმდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა.
ამას გარდა, რეჟიმის შემსუბუქება ეხება მასობრივ შეკრებებსაც. ახლა ის დაშვებული იქნება, მაგრამ ამ ღონისძიებების დროს, აუცილებელი იქნება დამცავი ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის, 1.5-2 მეტრის დაცვა.
ახლა უკვე დაშვებულია დიდი ოჯახური შეკრებების გამართვა, არაუმეტეს 40 კაცისა.
ასევე, მოიხსნა ყველა შეზღუდვა საქონლის ექსპორტზე, საბაჟო საზღვრებთან დაკავშირებით.
კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ
ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს მიაჩნია, რომ სომხეთში, კორონავირუსის გავრცელების ტემპი სტაბილურად მცირდება. კერძოდ, 12 აგვისტოს, წინა დღეს გაკეთებული 1 710 ტესტიდან, მხოლოდ 201 აღმოჩნდა დადებითი:
„ეს, უკანასკნელი კვირების ტენდენციაში ჯდება. ჩვენ, ყოველკვირეულად, უკვე 50-100-ით ნაკლები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. ამ რიცხვების შემცირების რეალური შესაძლებლობა გაგვაჩნია“.
გაუმჯობესდა ვითარება საავადმყოფოებში – უფრო მეტი თავისუფალი საწოლებია, თანაც, როგორც ჩვეულებრივი, ისე რეანიმაციის. მძიმედ ფასდება 300 პაციენტის მდგომარეობა, იმ დროს, როდესაც ივლისის დასაწყისში, მათი რიცხვი ორჯერ მეტი იყო.
პრემიერმინისტრი ვარაუდობს, რომ სომხეთს კორონავირუსის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის შანსი აქვს:
„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სწორად შევაფასოთ სიტუაცია. ჩვენ იმ ჯოჯოხეთიდან გამოვედით და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისევ იქ არ აღმოვჩნდეთ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ამ ქვეყნების ხელისუფლებები თავად აღიარებენ – მათ ადრე თქვეს, რომ ინფექცია დაძლეული იყო, მაგრამ ახლა ისინი ახალმა ტალღამ მოიცვა“.
ნიკოლ ფაშინიანის აზრით, მოქალაქეების დისციპლინა და ხელისუფლების სწორი ქმედებები, სომხეთს კორონავირუსის მეორე ტალღის თავიდან აცილებაში დაეხმარება.
რას ამბობს ოპოზიცია
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, „გაბრწყინებული სომხეთის“ ხელმძღვანელმა, ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას, საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გაგრძელების განზრახვაზე.
„არის ქვეყნები, რომლებიც სომხეთზე უარეს მდგომარეობაში არიან კორონავირუსის თვალსაზრისით, სადაც ოფიციალურად არ გამოცხადებულა საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმი არ გაგრძელდეს და შეზღუდვები სხვა სამართლებრივი რეგულაციებით შევინარჩუნოთ, რაც ფაქტობრივად არ გაკეთებულა. ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, რომლებიც ფულის საშოვნელად მიემგზავრებიან, დაზარალდება საქმიანობის ბევრი სფერო“.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
Facebook-ის მომხმარებელთა დამოკიდებულება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ, არაერთგვაროვანია.
აი, ზოგიერთი კომენტარი:
„გთხოვთ, გადაწყვიტოთ ავიამიმოსვლის საკითხი! ადამიანებს უკვე რამდენიმე თვეა არ შეუძლიათ თავის ახლობლებთან და ოჯახებთან შეხვედრა!“.
„უკვე რამდენიმე თვეა, ხელისუფლება მოგვიწოდებს ამ ნიღბების ტარებისკენ! ნუთუ ასეთი ძნელი გასაგებია, რომ რაც უფრო ადრე გაივლის ეს ინფექცია, მით უფრო სწრაფად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? ნუთუ, ასეთი ძნელია ამ ნიღბების ტარება?“.
„დაე, თუნდაც ღია სივრცეში ნიღბების ტარების მოთხოვნა გააუქმონ. ზაფხულია, შეუძლებელია სუნთქვა“.
„უკვე რამდენიმე თვეა, ადამიანები შემოსავლის გარეშე სხედან! რამდენ ხანს შეიძლება? ათასობით ადამიანი ყოველწლიურად პურის ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ მიემგზავრება და ახლა ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. ყელში ამოვიდნენ ამ თავისი რეჟიმებით!“.