სომხეთის თავზე რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, აზერბაიჯანმა ტრაგიკული შეცდომის შესახებ განაცხადა
9 ნოემბრის საღამოს, სომხეთის ტერიტორიის თავზე, აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონიდან, რუსული ვერტმფრენი, მი-24 ჩამოაგდეს.
„ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ერთი – საშუალი სიმძიმის დაზიანებებით ბაზირების აეროდრომზეა გადაყვანილი“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა რუსული ვერტმფრენის შეცდომით ჩამოგდება და სპეციალურ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ „ტრაგიკული ინციდენტი არ იყო მიმართული რუსული მხარის წინააღმდეგ“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: როგორ ჩამოაგდეს ვერტმფრენი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსული ვერტმფრენი მი-24 გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გახსნილი ცეცხლით ჩამოაგდეს“. ეს არის კომპლექსი, რომელიც ომებში ეფექტურად გამოიყენება ავიაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ადგენს, ვინ ესროლა ვერტმფრენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი სომხეთის ტერიტორიის თავზე, საბრძოლო მოქმედებების ზონის გარეთ ჩამოაგდეს.
სომხეთი: დადასტურებულია ადგილი, სადაც ჩამოვარდა და აფეთქდა რუსული ვერტმფრენი
ინციდენტისთანავე, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა, რომ არარატის რეგიონულ კრიზისულ ცენტრში განგაშის სიგნალი შევიდა იმის შესახებ, რომ რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა ხეობაში, რომელიც სოფელ ერსახიდან სოფელ პარუირ სევაკისკენ მიდის.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ტრაგიკული ინციდენტი არ იყო მიმართული რუსული მხარის წინააღმდეგ“
მალევე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოვიდა, რომლითაც აღიარა შეცდომით რუსული ვერტმფრენისთვის სროლის ფაქტი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრაგიკული ინციდენტის მიზეზი გახდა ის, რომ „ფრენა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდებოდა იმ დროს, როდესაც მთიანი ყარაბაღის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში, აქტიური შეტაკებები გრძელდება“.
„ფრენა დღის ბნელ მონაკვეთში ხორციელდებოდა, დაბალ სიმაღლეზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარის ზონის გარეთ. რუსეთის ფედერაციის საჰაერო შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი მანამდე არ იყო შემჩნეული მითითებულ რაიონში.
აღნიშნული ფაქტორების, რეგიონში დაძაბული ვითარებისა და სომხური მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მომეტებული საფრთხის გამო, მორიგე მებრძოლმა ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანმა ტრაგიკული ინციდენტის გამო რუსულ მხარეს ბოდიში მოუხადა, რომელიც „შემთხვევით ხასიათს ატარებს და არ იყო მიმართული რუსული მხარის წინააღმდეგ“.
„აზერბაიჯანული მხარე გულწრფელად უსამძიმრებს ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ასევე, აზერბაიჯანული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.