სომხეთის საიდუმლო სამსახურებმა სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს
სომხეთში სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ოპოზიციური მოძრაობა “წმინდა ბრძოლა“ ტერორისტული აქტების დაგეგმვაში და ხელისუფლების მიტაცების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიების ცნობით, მოძრაობის ლიდერს, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს — რომელიც საერო სახელით, ვაზგენ გალსტანიანი (ინიციალებით ვ.გ.) არის ცნობილი — ბრალად ედება “წინასწარ შეთანხმებით თანამზრახველებთან ერთად“ კონსტიტუციური წყობის დამხობა.
“მათ შეიძინეს საჭირო საშუალებები და ინსტრუმენტები ტერორისტული აქტების ჩადენისა და ძალაუფლების მიტაცებისთვის,“ — ნათქვამია საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში.
გამოძიების მტკიცებით, დანაშაულებრივი ჯგუფის გეგმები უშიშროების სამსახურმა განახორციელების ეტაპამდე შეაჩერა. ბაგრატ გალსტანიანი უკვე დაკავებულია.
“სამართალდამცველებმა აღკვეთეს კრიმინალურ-ოლიგარქიული ჯგუფის მიერ განხორციელებული მასშტაბური და სამარცხვინო გეგმა, რომელიც რესპუბლიკის დესტაბილიზაციას და ხელისუფლების მიტაცებას ისახავდა მიზნად. ამ ჯგუფში სასულიერო პირებიც შედიან,“ — დაწერა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “ფეისბუკზე“.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ინიციატივით სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო კომიტეტს მიმართა. მტკიცებულებად გამოყენებულია მთავრობისადმი ლოიალური საინფორმაციო ვებსაიტის Civic.am-ის პუბლიკაცია, სადაც ე.წ. გადატრიალების გეგმის დეტალები იყო აღწერილი.
პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ “გადატრიალების გეგმა თავად ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფია და მათ შიშებს ასახავს“.
20 ივნისს ოპოზიციამ მასობრივი დაკავებებისა და ჩხრეკების შესახებ განაცხადა. საპასუხოდ პოლიციამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს “გაძლიერებული სპეციალური ოპერაცია“, რაც პრევენციულ ღონისძიებებს მოიცავს.
გადატრიალების გეგმის დეტალები და შესაძლო მონაწილეები
სომხეთის ხელისუფლებისადმი ლოიალურმა მედიაპლატფორმამ Civic.am-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ექსკლუზივი: ოპოზიციის გადატრიალების გეგმა“. გამოცემის ცნობით, მათ ხელთ აღმოჩნდა შვიდგვერდიანი PDF-დოკუმენტი, რომელიც, სავარაუდოდ, ხელისუფლების დამხობის დეტალურ გეგმას შეიცავს.
“ჩვენმა სანდო წყაროებმა ოპოზიციიდან მოგვაწოდეს ეს დოკუმენტი. მასში აღწერილია მოქმედებების ეტაპობრივი გეგმა, საჭირო რესურსების ჩამონათვალი და მოქმედი პირები“, — ნათქვამია სტატიაში.
დოკუმენტის მიხედვით, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორების გეგმა რვა ეტაპისგან შედგებოდა. გადამწყვეტი ფაზა — პრემიერის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ფართომასშტაბიანი აქციები — 2024 წლის 20-21 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. აქცია უნდა ჩატარებულიყო სლოგანით: “წადი, რომ ვიცოცხლოთ“.
Civil.am-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში კონკრეტულად დასახელებულია ის პირები, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი აქვთ გადატრიალების გეგმასთან. მათ შორის არიან ყოფილი პრეზიდენტები რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი, ასევე ბიზნესმენები სამველ კარაპეტიანი, გაგიკ ცარუკიანი და სამველ ალექსანიანი.
ამათგან ერთი — რუსეთ-სომხეთის ორმაგი მოქალაქე, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი — რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალად ედება ძალადობრივი გზით ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდება.
დოკუმენტში, რომელიც სავარაუდოდ ოპოზიციურ მოძრაობას მიეკუთვნება, ხაზგასმულია აუცილებლობა, რომ ყოფილმა პრეზიდენტებმა ქოჩარიანმა და სარგსიანმა გადალახონ ურთიერთშუღლი და ერთობლივად დაუჭირონ მხარი გადატრიალებას.
დოკუმენტის განყოფილებაში, სახელწოდებით “ადამიანური რესურსები“, მითითებულია კონკრეტული მონაცემები:
- გაგიკ ცარუკიანი — 15-20 ათასი ადამიანი,
- სამველ კარაპეტიანი — 5-8 ათასი ადამიანი,
- სამველ ალექსანიანი — 5 ათასი ადამიანი.
ამ რიცხვების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ ბიზნესმენებს უნდა უზრუნველეყოთ მხარდამჭერი ჯგუფების მობილიზება ხელისუფლების დასამხობად.
დოკუმენტში მოხსენებულია აგრეთვე რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი, პარტია დაშნაკცუთიუნი, რუსული კომპანია გაზპრომი და სხვა ორგანიზაციები, თუმცა მათთან დაკავშირებული ადამიანური რესურსის შესახებ ციფრები მითითებული არ არის.
“ან მოვკვდებით, ან მოვკლავთ“: საგამოძიებო კომიტეტი აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა რამდენიმე აუდიოჩანაწერი, რომლებშიც, მათი მტკიცებით, ოპოზიციური მოძრაობის ორგანიზატორები განიხილავენ დაგეგმილი ქმედებების დეტალებსა და საკუთარ მიზნებს. ჩანაწერებში, ხელისუფლების თქმით, ისმის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები სომეხი ხალხის მიმართ.
ერთ-ერთ ჩანაწერში ნათქვამია:
“უნდა ავანთოთ ეს ნაპერწკალი ხალხში, რომ გაიგონ — არა, ძმაო, ჩვენც ამ პროცესის ნაწილი ვართ. ეს ხომ პირუტყვული ერია, ღრმად პირუტყვული. უნდათ, ყველაფრის მფლობელები და დამფუძნებლები იყვნენ. ამიტომ უნდა ვუთხრათ — ჰო, ძმაო, შენც თანადამფუძნებელი ხარ.“
სხვა ჩანაწერში საუბარია ძალადობის და სიცოცხლის ხელყოფის გეგმებზე:
“ვეუბნებოდით, ქადაგებებს ვკითხულობდით. [მაგრამ ახლა] უნდა დააყენო კედელთან ორი კაცი და დახვრიტო. კიდევ 15 — ციხეში. და ეგაა, საქმე გაკეთებულია. ყველა გაქრება. დახვრიტავ, მერე ოჯახებს გადაუხდი კომპენსაციას და ისინი ბედნიერები იქნებიან.“
ჩანაწერებში ასევე ფიგურირებს საუბარი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და პარლამენტის ალყაში მოქცევის გეგმაზე:
“ვლაპარაკობ ყველაზე სასტიკ მომენტზე. ვარტყამთ პარლამენტს ალყას, აქეთ-იქით… რამდენიც შეიძლება, მივდივართ მიზნების შესრულებამდე: აფეთქებები და ა.შ. ვიწყებთ. უნდა დავაშავოთ და დავასრულოთ.“
ერთ-ერთი მონაწილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოძრაობის მოწოდების შემდეგ გამოსვლა ქუჩებში უნდა დასრულდეს გადამწყვეტი მოქმედებით:
“როდესაც უწმინდესი [ბაგრატ გალსტანიანი] იტყვის: “გამოდით ქუჩებში“, მაშინ ყველაფერი დასრულდება. ან მოვკვდებით, ან ჩვენ მოვკლავთ.“
“ისინი ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 2024 წლის ზაფხულში ვაზგენ გალსტანიანმა (ვ.გ.), რომელიც ასევე ცნობილია როგორც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ჩამოაყალიბა ოპოზიციური მოძრაობა სახელწოდებით “წმინდა ბრძოლა“. რამდენიმე თვის განმავლობაში ის აწყობდა მიტინგებსა და მსვლელობებს, რომლებიც, კომიტეტის მტკიცებით, მიზნად ისახავდა ხელისუფლების მიტაცებას.
შემდგომ გალსტანიანმა უარი თქვა ღია პოლიტიკური აქციების გამართვაზე და საკუთარ მხარდამჭერებს შეატყობინა “საქმიანობის მეთოდოლოგიის ცვლილების“ შესახებ. მისი თქმით, შემდგომი ბრძოლა აღარ განხორციელდებოდა არჩევნების გზით.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოძრაობის ახალი სტრატეგია გულისხმობდა ხელისუფლების ჩამოშორებას არა მასობრივი მიტინგებით, არამედ “შეთანხმებული ძალადობრივი მოქმედებების“ გზით, რომელიც მცირე, მობილურ ჯგუფებს უნდა განეხორციელებინათ “შერჩეულ მომენტში“.
გეგმა, როგორც ვარაუდობენ, 24-დან 36 საათამდე შუალედში უნდა განეხორციელებინათ. ამ მიზნით მოძრაობის წევრები აპირებდნენ ქვეყნის სხვადასხვა დასახლებებში ერთდროულად არასტაბილური ვითარების შექმნას.
“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ 200–250 კაციანი ჯგუფი, თითოეული 25-25 ადამიანის შემადგენლობით — ძირითადად ყოფილი სამხედროებისა და პოლიციელებისგან. თითოეულ ჯგუფს კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული ამოცანა უნდა შესრულებინა,“ — ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
გეგმის თანახმად, ვაზგენ გალსტანიანი გეგმავდა მოწოდებას მთავრობის შენობის წინ შეკრებაზე, რაც ძალოვანების ყურადღების გადატანას ემსახურებოდა. პარალელურად კი, შეიარაღებულ ჯგუფებს მოქმედება უნდა დაეწყოთ წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე.
კომიტეტის მტკიცებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი იყო “სომხეთის რესპუბლიკაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ტერორისტული აქტების ჩადენა“, რაც მოიცავდა მძიმე დანაშაულებს, მათ შორის:
- მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას,
- ჯანმრთელობის დაზიანებას მძიმე ან საშუალო ხარისხით,
- მსხვილმასშტაბიანი მატერიალური ზიანის მიყენებას.
საგამოძიებო მასალებში საუბარია აგრეთვე გეგმის კონკრეტულ პუნქტებზე, მათ შორის:
- ათობით ავტომობილის შეჯახების ორგანიზებაზე დიდ და ხალხმრავალ ქუჩებზე,
- სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზებაზე მანქანების დაზიანებისა და დაწვის გზით,
- ასობით აალებადი მოწყობილობის ერთდროულ აფეთქებაზე,
- შენობებისა და სტრუქტურების ალყაში მოქცევასა და დაზიანებაზე,
- ელექტრო და ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განადგურებაზე,
- ენერგომომარაგებისა და სატრანსპორტო სისტემის პარალიზებაზე (მათ შორის ტროლეიბუსების ხაზებზე),
- კომუნალური ობიექტების გადაწვაზე, რაც, საგამოძიებო კომიტეტის შეფასებით, მიზნად ისახავდა მოსახლეობის დაშინებას და ქვეყნის სრულ დესტაბილიზაციას.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ ქმედებებს, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებს შესაძლებლობას აღუკვეთავდა მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. ჯგუფი, კომიტეტის მტკიცებით, აპირებდა შინაგან ჯარების დისლოკაციის ადგილების სხვადასხვა მეთოდით დაბლოკვას, რათა პოლიციის გადაადგილება შეეზღუდა ან სრულიად გამოერიცხა.
გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, მონაწილეები გეგმავდნენ მასშტაბური კიბერშეტევების განხორციელებას — სამთავრობო ვებსაიტებზე, სახელმწიფო უწყებების ელექტრონულ სისტემებსა და მმართველობის ინფრასტრუქტურაზე, რაც სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევდა ოფიციალურ უწყებებში.
გამოძიება ასევე იუწყება, რომ 2025 წლის იანვრიდან ამ ოპერაციებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი.
სახელმწიფო გადატრიალების გეგმის განსახორციელებლად, ჯგუფმა შეიძინა ათასობით აალებადი მოწყობილობა და ბასრი ლითონის დეტალები – საბურავების დაზიანების მიზნით.
“სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები,“ — ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.
კომენტარები სოციალური ქსელებიდან
„და თუ ამ ყველაფრის შემდეგ ისინი კანონის შესაბამისად არ დაისჯებიან, მაშინ სომეხი ხალხი აუცილებლად დასჯის მათ. სინამდვილეში, რუსი აგენტების ყველაზე დიდი თავშესაფარი სომხეთში, სამწუხაროდ, სომხური ეკლესიაა.“
„დააპატიმრეთ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაძირლები და გალიებში ჩასვით, სამუდამოდ იზოლირეთ საზოგადოებისგან, ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან.“
„ეს ყველაფერი ალაჰშუკურ ფაშაზადემ [აზერბაიჯანის რელიგიური მოღვაწე, კავკასიის მუსლიმთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი] გაიგოს. ახლა ის ბაქოში ზის და ამ ყველაფერს უყურებს. და მისი სული ხარობს. როგორც კი ჩუმად თქვა, რომ სომხური ეკლესია საშიში იყო, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა მაშინვე მიიღო ზომები.“
„მათთვის [კრიმინალური ჯგუფისთვის] პატიება არ არსებობს. არანაირი შინაპატიმრობა, დაუყოვნებლივ ჩასვით ისინი ციხეში.“
„მე უპირობოდ ვუჭერ მხარს სომხეთის ხელისუფლებას. ტერორისტები მკაცრად უნდა დაისაჯონ.“