აზერბაიჯანი შუშის გათავისუფლებას ზეიმობს. თურქეთის მინისტრები ბაქოში
მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ქალაქ შუშის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, აზერბაიჯანის ქალაქებში, ადამიანებისა და ავტომობილების საზეიმო მსვლელობა დაიწყო თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშებით.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანისიანმა უარყო ილჰამ ალიევის განცხადება. Facebook-ის საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ „შუშაში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები“.
- ყარაბაღი: აზერბაიჯანის არმია ციხე-ქალაქ შუშას მიუახლოვდა
- აზერბაიჯანი ბოიკოტს უცხადებს ბურგერებს, პიცასა და შამპუნებს: საიდან დაიწყო ყველაფერი?
ალიევის მიმართვა
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, არაოფიციალური წყაროები წერდნენ აზერბაიჯანის არმიის მიერ შუშის მიმართულებით დაწყებული შტურმის შესახებ და 8 ნოემბერს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი მალე გააკეთებდა განცხადებას.
ალიევმა მიმართვისთვის სიმბოლური ადგილი შეარჩია – შაჰიდების ხეივანი ბაქოში. აქ დაკრძალული არიან 1990 წლის 20 იანვარს, აზერბაიჯანის დედაქალაქში საბჭოთა ჯარების შემოჭრისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს (1988-1994 წლებში) დაღუპულები.
პრეზიდენტმა მიმართვისას ქალაქ შუშის გათავისუფლების შესახებ განაცხადა: „უზომო სიამაყის გრძნობით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა ოკუპაციისგან თავისუფალია! შუშა ჩვენი! ყარაბაღი ჩვენია! გულითადად ვულოცავ ამ მოვლენას, მთელ აზერბაიჯანელ ხალხს!“.
„ჩვენი გამარჯვებული მსვლელობა გრძელდება. კიდევ რჩება ოკუპირებული მიწები, კიდევ იქნება ბრძოლები. თუკი სომხეთის ხელისუფლება არ უპასუხებს ჩემს მოთხოვნებს, ჩვენ ბოლომდე წავალთ. მსოფლიოში არ არის ისეთი ძალა, რომელიც ჩვენ შეჩერებას მოახერხებდა“, – განაცხადა ალიევმა.
ბაქო ზეიმობს
ფაქტობრივად პრეზიდენტის გამოსვლისთანავე, ბაქოსა და ქვეყნის სხვა ქალაქების მცხოვრებლები ქუჩებში გამოვიდნენ აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფო დროშებით.
ბაქოს პორტში გაჩერებულმა ხომალდებმა ერთდროულად მისცეს სიგნალი შუშას გათავისუფლების აღსანიშნავად.
თურქი მინისტრები აზერბაიჯანის დედაქალაქში
დღესვე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიიღო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი.