ქართველმა სამართალდამცავებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში 148 კრიპტოვალუტის მაინინგისთვის განკუთვნილი მოწყობილობა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებასა და ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას უკავშირდება.
უწყების განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მესტიის სხვადასხვა ნაწილში კრიპტოვალუტის წარმოებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა.
შსს-ის ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინეს ე.წ. მაინერები, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ციფრული ვალუტის გენერირებისთვის გამოიყენებოდა.
გამოძიების თანახმად, ადგილობრივი მცხოვრებლები დიდი ოდენობით ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ და აღნიშნული მოწყობილობების მეშვეობით სისტემატურად აწარმოებდნენ კრიპტოვალუტას, რის შედეგადაც არალეგალურ შემოსავალს იღებდნენ.
სამართალდამცავებმა ჩხრეკების დროს ტექნიკური მოწყობილობების დიდი რაოდენობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს მუშაობა შესაძლო სხვა მონაწილე პირების გამოვლენის მიმართულებით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესტიაში კრიპტომაინინგის წინააღმდეგ დაწყებული მოქმედებები ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ დაანონსებულ პოლიტიკას მოჰყვა. 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძე განაცხადა, რომ ხელისუფლება ენერგეტიკული სექტორისთვის “დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის“ წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, რაც პირველ რიგში მესტიაში “უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს“ შეეხება.
მდინარაძის თქმით, მუნიციპალიტეტში დაიწყება ელექტროენერგიის მოხმარების გამრიცხველიანების პროცესი, რომელიც, მისი განმარტებით, წლების განმავლობაში სხვადასხვა წინააღმდეგობის გამო ვერ ხორციელდებოდა. მდინარაძის განცხადებით, სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას კვლავ უფასოდ მიიღებს “საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში“, ხოლო ამ ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში შესაბამისი ტარიფი ამოქმედდება.