შიმშილობის 47-ე დღე: სააკაშვილთან არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი. ვინ რა იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
მიხეილ სააკაშვილი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. 8 დღეა, რაც იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 10 დღეა სააკაშვილი საკვებ დანამატებსაც აღარ იღებს და როგორც მისი მეგობრები და ადვოკატები ამბობენ, ასევე უარს ამბობს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე.
სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუკი მას მულტიპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ თუკი ის შიმშილობას შეწყვეტს, მას მაინც აუცილებლად სჭირდება მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, რადგან თითქმის ორთვიანი შიმშილობის შემდეგ, კვების დაწყება სამედიცინო თვალსაზრისით არ არის იოლი პროცესი და სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი მოშიმშილე ვერ მიიღებს სათანადო სამედიცინო დახმარებას და არ იქნება მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
● რა ვიცით გლდანის ციხეში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილზე. 8 ნოემბრის ქრონოლოგია
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მონახულებაზე უარი უთხრეს უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას. მასთან შეხვედრას თავად მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
დენისოვას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან უარის თქმაზე ოფიციალური განმარტება ჯერ არ მიუღია. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ “საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება”.
მინისტრმა ასევე 16 ნოემბერს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება არ აპირებს სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო საავადმყოფოში:
“ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი,” – აღნიშნა მან.
ერთ-ერთი ბოლო, ვინც სააკაშვილი ნახა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავაა, რომელიც მასთან 15 ნოემბერს, გვიან საღამოს იმყოფებოდა. ბოკუჩავამ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტი იყო ფერმკრთალი, დასუსტებული და ჰქონდა ტრემორი (ხელების კანკალი).
იმავე საღამოს, სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკზე გავრცელდა მისი ხელით დაწერილი წერილი, სადაც იგი საპროტესტო აქციების მონაწილეებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ “3 დღეა თითქმის არ ამდგარა საწოლიდან”.
ათ დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილ ექიმთა კონსილიუმი-ს წევრებს.
14 ნოემბერს კონსილიუმის წევრი ექიმები გლდანის საავადმყოფოსთან ორსააათიანი ლოდინის შემდეგ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს. მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა არასამუშაო საათები დაასახელა.
თუმცა, ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის ყოფნის დროს კონსილიუმის მიერ მომზადებულ ოქმში ვკითხულობთ: “პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია”.
გლდანის ციხის საავადმყოფო, სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს, მსგავსი შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის და არც უსაფრთხოა ექს-პრეზიდენტისთვის, ამბობს სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც ვითარება ადგილზე არაერთხელ შეისწავლა.
ექიმების გარდა, სააკაშვილის სანახავად გლდანის ციხის საავადმყოფოში არ შეუშვეს ასევე, სპეციალურად მის სანახავად ჩამოსული ევროპელი დეპუტატები, მათ შორის პოლონელი ევროდეპუტატი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა.
გუშინ, 15 ნოემბერს, გლდანის ციხის საავადმყოფოსთან ექვსსაათიანი ლოდინის შემდეგ კი სააკაშვილთან არ შეუშვეს არც მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
უკვე 14 დღეა, სააკაშვილის სამოქალაქო, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში შიმშილობს პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. მას დღეში რამდენჯერმე სჭირდება სასწრაფო დახმარების გამოძახება. ანალიზებში კი ისეთი ცვლილებებია, რომ თირკმლის გაჩერების რისკის გამო სასწრაფო გადასხმები დასჭირდა.
14 ნოემბერს იგივე მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო კიდევ ათმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და პოლიტიკოსმა. 15 ნოემბერს მოშიმშილეთა რიცხვებს კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდა. მათ შორის, შიმშილობა დაიწყეს ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა.
სააკაშვილის მულტიპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უკვე ორ კვირაზე მეტია რჩება ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მისი ოჯახის წევრების მთავარ მოთხოვნად.
რიგითი ფეისბუკმომხმარებლები, ასევე სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები მიმართავენ ხელისუფლებას მისი კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ჰეშთეგით #გადაიყვანე.
ეს არის ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნაც. თითქმის ორი კვირაა, თბილისში მასშტაბური აქციები ყოველდღიურობად იქცა. 15 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს, 16 ნოემბერს ოპოზიციამ ავტოკოლონებით აქცია დააანონსა.
მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 15 ნოემბერს ვიდეო-მიმართვა გაავრცელა მისმა შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა. “ხელისუფლებას შეუძლია, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით, გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს, ამიტომ ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“,- ამბობს ის.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან მწირი ცნობები ვრცელდება. ამ თემაზე ინფორმაციას ავრცელებს ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რამდენიმე მისი თანაგუნდელი და ასევე სააკაშვილის ადვოკატები.
მათი მონათხრობის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეებში არის გაცილებით სუსტად, იშვიათად დგება საწოლიდან, ასევე, აქვს ღებინების, თავბრუსხვევის, კიდურების კანკალის ეპიზოდები. საუბრობს შენელებულად.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და სააკაშვილის მეგობარი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტი “ციხის საავადმყოფოშიც კი არ ჰყავთ, არამედ ამბულატორიის გადაკეთებულ ოთახშია”.
“იგი ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული… მის საკანთან დგას ერთი ადამიანი, გვერდით ოთახში მუდმივად მორიგეობს ერთი ექიმი, და თუ მას არ დაუძახა, ის ვერ გაიგებს, თუ ცუდად გახდება… არაფერი იქ არ არის, არ არის სამედიცინო დახმარების პალატა, აქვს მხოლოდ წნევის აპარატი. მიხეილ სააკაშვილი არათუ მულტიპროფილურ კლინიკაში, არამედ მულტი პროფილურ ჯოჯოხეთშია,” – თქვა ხერხეულიძემ ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს არა აქვს ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებაც:
“ფანჯარა სრულად დაგმანულია. არ შედის მზის სხივიც. როგორც კი ამ ფანჯარას აწევს სააკაშვილი, მაშინვე ტყდება გინება და ისტერიკა პატიმრების მხრიდან და იძულებულია ჩამოწიოს ფანჯარა. მას არ აქვს ჟანგბადი მიღების საშუალება. მისი ფანჯრის პირდაპირ არის პატიმრების კორპუსი განლაგებული და მათ აქვთ დავალება,” – ჰყვება ხერხეულიძე.
ციხის ადმინისტრაცია კატეგორიულად ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სააკაშვილის საკნის გვერდით არის რეანიმაცია.
სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაციას “ტყუილს” უწოდებს პენიტენციური სისტემა.
გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მანანა ელეფტეროვამ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ტყუილია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ სააკაშვილის მულტიპროფილურ, სამოქალაქო საავადმყოფოში გაყვანის საჭიროებას ხელისუფლება ვერ ხედავს და ამის გაკეთებას არ აპირებს:
“სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის პერსონალი და არაერთი კონკრეტული ექიმი, მათ შორის სხვადასხვა ბრიგადებიდან მივლინებული არიან ექიმები, შესაბამისად, თუკი რაიმე სამედიცინო სერვისის გაწევა დასჭირდება, გაეწევა,” – თქვა მან.
მისი თქმით, სააკაშვილს არც კონსილიუმის დახმარება აღარ სჭირდება, რადგან ეს ჯგუფი შეიქმნა მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში იყო, ახლა კი, იგი ციხის საავადმყოფოშია და მას იქაური ექიმები მიხედავენ:
„გვესმის მოწოდებები, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეთ, მაგრამ ის უკვე არის მულტიფუნქციურ კლინიკაში. ასევე, რომ გადაიყვანეთ საავადმყოფოში, და ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება მათი „ფეიკ“ მესიჯები თითქოს ის არ არის საავადმყოფოში,” – ამბობს მდინარაძე.
______________________________________
სააკაშვილის შიმშილობის ქრონოლოგია
● სააკაშვილი შიმშილობს ერთი თვეა – ოქტომბრის ქრონოლოგია
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ციხის ექიმის კაბინეტში გადაღებული კადრები, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ექიმების მიწოდებულ საკვებს იღებს კოვზით.
კადრების გასაჯაროებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილმა საკვები დანამატების მიღება 30 ოქტომბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა დაარწმუნა ის, რომ მცირე დოზით, თხევადი სახით ამ პროდუქტების მიღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აუცილებელი იყო.
იმავე დღეს, 6 ნოემბერს, გავრცელებული ჩანაწერის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს.
8 ნოემბერს, საღამოს სააკაშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მისი ტრანსპორტირების კადრები – აქ ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველ ექს-პრეზიდენტს რამდენიმე ადამიანი მიათრევს. კადრების შინაარსი და მათი გასაჯაროება გააკრიტიკა საქართველოს სახალხო. დამცველმა. კადრებს გამოეხმაურა უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვაც. მან აღნიშნა, რომ ვიდეოში ნაჩვენებია პატიმრის წამება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა
10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა 7 ნოემბრის ბრალდების საქმეზე. ექსპრეზიდენტი მისი სურვილის და მზადყოფნის მიუხედავად, პროცესზე დასასწრებად არ მიიყვანეს.
-
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში მის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.
ორ საქმეზე (ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანი საქმეები) იგი მსჯავრდებულია და 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ორ საქმეზე კი ბრალდებულია და ამ საქმეებს სასამართლო ახლა განიხილავს.საქმე #1 – ვალერი გელაშვილის ცემის საქმე – მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ გელაშვილზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზებისთვის დასდეს ბრალი. გელაშვილს თავს 2005 წელს დაესხნენ. თავდასხმას წინ უძღოდა გელაშვილის ინტერვიუ გაზეთ “რეზონანსში”, სადაც ის სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე და მის მეუღლეზე შეურაცხმყოფელად საუბრობდა. გამოძიებამ თქვა, რომ გელაშვილს სააკაშვილის დავალებით გაუსწორდნენ.
საქმე #2 – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე – ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ექს-პრეზიდენტს უშუალოდ გირგვლიანის მკვლეობის საქმეში კი არა, არამედ გირგვლიანის მკვლელების წინასწარი შეთანხმებით შეწყალებაში დასდეს ბრალი. ამისთვის მას სამწლიანი წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გირგვლიანის მკვლელები სააკაშვილმა 2008 წელს შეიწყალა, მათ სასჯელი გაუნახევრა.
საქმე #3 – 7 ნოემბრის საქმე – ექს-პრეზიდენტს ედავებიან 2007 წლის ნოემბრის ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა დარბევას და ასევე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას. პროკურატურის თქმით, იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ტელევიზიამ 3 158 307 ლარის ზარალი მიიღო. ამ დანაშულებისთვის სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა.
საქმე #4 – სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის, ე.წ. პიჯაკების საქმე – საქმე ეხება ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარის პირადი მიზნებისთვის, არამიზნობრივად ხარჯვას (ხარჯები მოიცავს ფეშენებელურ სასტუმროებსა და გამაჯანსაღებელ კურორტებზე დასვენების, კოსმეტიკურ კლინიკებში ვიზიტებისა და ტანსაცმლის, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში შვიდი პიჯაკის შეძენის ხარჯებს). ამ დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა.ეს ოთხი საქმე, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღიძრა, 2014 წელს. პირველ ორ საქმეზე ის მსჯავრდებულია 2018 წლიდან. პატიმრობა მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი.
2021 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოში ჩამოსვლისა და დაკავების შემდეგ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრა.
საქმე #5 – საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე – 2021 წლის 1 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
10 ნოემბერს საღამოს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება. ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ, ხოლო ხელისუფლებას დაავალა ადეკვატური მკურნალობა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვა.
11 ნოემბერს, სტრასბურგის განცხადების შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ იგი შეწყვეტს შიმშილობას, თუკი მას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.
12 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხის საავადმყოფოში არ შეუშვეს ევროპარლამენტარები, მათ შორის პოლონელი ევროდეპუტატი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა.
12 ნოემბერს სააკაშვილთან ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.
13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ პირველად შიმშილობის პერიოდის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო პაემნების ოთახში ჩამოსვლა და ამიტომ ყიფშიძე თავად აიყვანეს სააკაშვილთან ოთახში. ყიფშიძის მონათხრობით, სააკაშვილის ოთახში მან დაახლოებით ოთხი საათი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილი მხოლოდ ერთხელ წამოდგა, დანარჩენი დრო იწვა, რადგან სუსტად იყო.
14 ნოემბერს ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ისევ მოინახულა სააკაშვილი. მან თქვა, რომ ექსპრეზიდენტი დღეს სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა გუშინდელი დღისგან განსხვავებით, შეხვედრა შეძლო. „დღეს, გუშინდლისგან განსხვავებით ქვემოთ ჩამოსვლა შეძლო მეხუთე სართულიდან, რასაკვირველია, ლიფტით. შემხვდა პაემნების ოთახში. ეს შესაძლებლობა გუშინ არ ჰქონდა. გამოიყურება სუსტად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
15 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მეორედ უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე. 15 ნოემბერს სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს იხილავდა. წინა დღით სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სისუსტის მიუხედავად, სააკაშვილი მზად იყო სასამართლოში მისულიყო.