შეიხი მირტაგი ასადოვი სუს-ში დაიბარეს. გამოძიება საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს უფროსი, შეიხი მირტაგი ასადოვი სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. გამოძიება საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს. მირტაგი ასადოვი ამ პროცესს ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, სუს-ის გამომძიებელმა მათთან საუბარში განმარტა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს. კონკრეტულად რა საქმის გამო ედავებიან ასადოვს, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. სუს-ში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
თვითონ მირტაგი ასადოვი კი ამ პროცესს ტელეკომპანია მთავარისთვის მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს. ასადოვი კომენტარში ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიკეტება, იყო დისკრიმინაციული და რომ საქართველო თეოკრატიული ქვეყანა არაა და დაყოფა – “ჩვენ-სხვები” არასწორია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც აღდგომაზე ეკლესიები არ უნდა დაიკეტოს, მან უპასუხა: “ორივე რელიგიის ღმერთი ერთია. ეკლესიაც და მეჩეთიც ღმერთის სახლებია. ერთი ჩაიკეტოს და მეორე ღია დარჩეს, ეს უკვე უსამართლობაა. ჩვენ მეჩეთების კარი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო დავკეტეთ. 25-ში რამადანი იწყება და მაშინ ჩვენც გავხსნით მეჩეთებს და ვნახოთ, ეკლესიას როგორც ექცევიან, ისე მოიქცევიან თუ დაგვსჯიან.”
მირტაგი ასადოვი სუს-ის მარნეულის განყოფილებაში ხვალ უნდა მივიდეს.
მირტაგი ასადოვს და საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სხვა პირებს საადვოკატო დახმარებას EMC უწევს.