შეიხი მირტაგი ასადოვი და მუსლიმი ლიდერები სუს-ში მარნეულში გამართული საპროტესტო აქციის გამო დაიბარეს
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს უფროსი, შეიხი მირტაგი ასადოვი სამმართველოს 3 სხვა დამფუძნებელთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. გამოძიება საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს. სუს-ში უკვე გამოკითხეს რამდენიმე მუსლიმი ლიდერი. როგორც EMC-ის თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე JAMnews-თან საუბარში ამბობს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი უსაფრთხოების სამსახურში მარნეულში მანქანების სიგნალით გამოხატული საპროტესტო აქციის გამო დაიბარეს.
შეიხი მირტაგი ასადოვი და მუსლიმი ლიდერების სუს-ში გამოკითხვაზე 16 აპრილს დაიბარეს. სუს-ს მათთვის დაბარების მიზეზი არ განუმარტავს. თუმცა, მოგვიანებით ადვოკატს უთხრეს, რომ ასადოვი საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
თვითონ სასულიერო პირებს სუს-ში მათი დაბარების შესახებ ორი ვერსია ჰქონდათ. პირველი ვერსია მირტაგი ასადოვის მიერ „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუს უკავშირდებოდა, სადაც შეიხმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არ არის სამართლიანი, როცა კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო მეჩეთები იკეტება, ეკლესიებს კი მსგავსი შეზღუდვა არ ეხება.
მეორე ვერსიით, კი ისინი სუს-ში შეიძლებოდა მარნეულში, მანქანის სიგნალებით გამოხატული საპროტესტო აქციის გამო დაებარებინათ.
აქცია-პერფორმანსი „დაასიგნალე, გააპროტესტე“ მარნეულში 14 აპრილს, კომენდანტის საათის დაწყებისას, 21:00 საათზე გაიმართა. მოსახლეობა კომენდანტის საათის დადგომას ავტომობილების გაბმული სიგნალით შეხვდა. ამ ფორმით მათ მარნეულში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი გააპროტესტეს და მუნიციპალიტეტისთვის კარანტინის მოხსნა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვით ირჩენს თავს და იმის გამო, რომ სახელმწიფომ მუნიციპალიტეტი ჩაკეტა, ისინი ლუკმა პურის გარეშე დარჩნენ.
შეიხი მირტაგი ასადოვი და მუსლიმი ლიდერები ამბობენ, რომ ისინი საპროტესტო აქციის ლიდერები და ორგანიზატორები არ ყოფილან.
თამთა მიქელაძე JAMnews-თან საუბარში აცხადებს, რომ რომელი ვერსიაც არ უნდა გამართლდეს, ორივე შემთხვევაში მუსლიმი ლიდერების სუს-ში დაბარება “პრობლემურია” და არ შეიძლება სახელმწიფომ ადამიანის მიერ გამოთქმულ კრიტიკას და პროტესტს საბოტაჟი უწოდოს.
მირტაგი ასადოვი სუს-ის მარნეულის განყოფილებაში დღეს, 12:00 სთ-ზე უნდა მივიდეს.
- კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
- თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.