შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, მოუხსნან სანქციები ქართველ მოსამართლეებს
შალვა პაპუაშვილი მოსამართლეებზე სახდეპს მიმართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სანქციები რაც შეიძლება მალე მოუხსნას ქართველ მოსამართლეებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე 2 თვე გავიდა, “ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა” წარმოდგენილი. პაპუაშვილის განმარტებით, მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა არ აქვს.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ზოგად ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი ღირსეულად გაიარა.
„გაიხსენეთ ყველა ე.წ. მაღალი მნიშვნელობის საქმე, სააკაშვილის საკითხი, “რუსთავი 2”-ის საკითხი თუ ა.შ. დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი და შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში, ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირება და მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირების. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი გაიარა ღირსეულად და აბსოლუტურად ყველა საკითხზე, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
● როგორ მივიდა საქართველოს სასამართლო სისტემა დასავლურ სანქციებამდე
● აშშ-ის სანქციების ოფისი: ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება
● კელი დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე: რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი იგივეა
5 მარტს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა “მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო” მოსამართლეებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
დამოუკიდებელი ექსპერტები და უფლებადამცველები უკვე წლებია აღნიშნავენ, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე საქართველოში ხელმძღვანელობენ ე.წ. მოსამართლეთა მძლავრ „კლანს“, რომელიც ბლოკავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად საჭირო რეფორმებს.
ორივე მოსამართლე დაკავშირებულია ძლიერ ორგანოსთან, რომელსაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების მთავარი ზედამხედველობის ორგანოა. ითვლება, რომ მათ ასევე აქვთ ფარული ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, საქართველოს უმდიდრეს ადამიანთან, “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან და ქვეყნის არაფორმალურ მმართველად.
მურუსიძე წინა ხელისუფლების ლოიალობითაც გამოირჩეოდა – სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. მურუსიძის სახელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება უკავშირდება.