სერგეი კობილაში, რომელზეც საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, 2008 წლის ომში პირადად მონაწილეობდა
სერგეი კობილაში 2008 წლის ომში მონაწილეობდა
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის, სერგეი კობილაშის და ვიკტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერები გამოსცა – სამხედრო მეთაურები ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებში ცნო დამნაშავედ. ირკვევა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავიაციის მეთაური, სერგეი კობილაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში პირადად მონაწილეობდა.
სასამართლოს 5 მარტის განცხადების მიხედვით, კობილაში და სოკოლოვი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წელის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, რის შედეგადაც უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და დიდი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო პირებს.
სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სამოქალაქო პირებზე და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი ბევრად აღემატებოდა სარაკეტო იერიშებით მიღებულ სამხედრო სარგებელს.
ვინ არის სერგეი კოლიბაში
ცხინვალისთვის ბრძოლის დროს კობილაში, რომელიც მაშინ 368-ე საჰაერო პოლკის მეთაური იყო, პირადად მართავდა მოიერიშე Су-25-ს, როცა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მან კატაპულტირება მოასწრო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა.
რუსული წყაროების ცნობით, მისი პოვნა და ევაკუაცია ვერტმფრენით მოხდა, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მაშინ ის ტყვედ აიყვანეს და შემდეგ გაცვალეს. ქართულ მედიაში გავრცელებული იყო ცნობებიც, რომ კობილაში ადგილობრივმა მოხუცმა ქალმა გადაარჩინა.
კუბილაშმა მაშინ რუსულ პროპაგანდისტულ “რია ნოვოსტის” ინტერვიუ მისცა, სადაც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ მიასწავლა გზა “კეთილმა მოხუცმა ქართველმა ქალბატონმა” ოსური ფორმირებებისკენ, სადაც ის ქართული მხარის ჩასაფრებაში მოხვდა, მაგრამ “გადარჩა.”
როგორც კობილაში იგონებდა, ქართველმა “ბებომ ერთი კი წაიბუზღუნა ბოსტნის გაფუჭების გამო”, მაგრამ ციდან ჩამოვარდნილ რუს პილოტს წყალი დაალევინა და ოსური სოფლისკენ გზა მიასწავლა, სანამ ქართველი სამხედროები პარაშუტის დაშვების ადგილზე მიასწრებდნენ. პილოტი სოფლიდან სწრაფად გავიდა და რაციით გამოძახებულმა სამაშველო შვეულმფრენმა იქაურობას გაარიდა.
2013 წელს პოლკოვნიკ კობილაშს პრეზიდენტი პუტინი უკვე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციის უფროსად ნიშნავს და ერთ წელში გენერალ-მაიორის წოდებას ანიჭებს. 2016 წელს პუტინი თავის ფავორიტ პილოტს რუსეთის შორეული მოქმედების ავიაციის სარდლად ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კობილაშს მხოლოდ მოიერიშე ავიაციის პილოტის გამოცდილება ჰქონდა.
კობილაში ოდესაშია დაბადებული. მას რუსეთის გმირის წოდება აქვს.
● რატომ ვერ იბრუნებენ კონფლიქტით დაზარალებული ოსები საქართველოს მოქალაქეობას და ქონებას?
● თამაზ გინტურის მკვლელობა: რა მოხდა კირბალში და რა ვერსია აქვს ცხინვალს
● აგვისტო, 2008. რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკები