"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უპატივცემულობა იყო" - ღარიბაშვილი ორბანს შეხვდა
ღარიბაშვილი ორბანს შეხვდა
უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება “დისკრიმინაციული” გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა.
“ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ბევრს მუშაობს ბევრი წელია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იყო უპატივცემულო. რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით”– აღნიშნა ორბანმა.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა “დიდი პატივისცემა” გამოხატა პრემიერ ორბანის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველომ ბევრი მაგალითი გადმოიღო უნგრეთისგან და ამ ქვეყნის წარმატებული რეფორმები გაიზიარა.
საქართველოს პრემიერის თქმით, უნგრეთი, “განსაკუთრებით ბატონი ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს” არის ძალიან წარმატებული ქვეყანა.
“გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
● აზერბაიჯანი საქართველოსთან დაახლოებას ცდილობს. ალიევის გზავნილები თბილისში ვიზიტის შემდეგ
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი 2010 წლიდანაა ქვეყნის სათავეში და ევროპაში “ანტი-ლიბერალური” ბლოკის ლიდერად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ორბანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა და ქვეყანაში 360 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, თუმცა მან უარი თქვა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის დასახმარებლად მიმართული იარაღის გატარებაზე, ევროკავშირის ფარგლებში რუსულ ენერგომატარებლებზე სანქციების დაწესებას კი დღემდე ეწინააღმდეგება.
2022 წლის არჩევნების წინ ორბანი ოპოზიციას “ომის პარტიას” უწოდებდა, რადგან ისინი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ემხრობიან, ხოლო საკუთარ თავს “მშვიდობის კანდიდატად” წარმოაჩენდა. მეტიც, უნგრეთის პრემიერმა უკრაინასაც კი დააბრალა ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის მიმართ არსებულ ნარატივში ხშირად გაიგონებთ მსგავს ტერმინებს – საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ვიქტორ ორბანი, ოპოზიციას “ომის პარტიას” უწოდებს, ხოლო უკრაინის ხელისუფლებას მმართველი ძალის მიმართ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ადანაშაულებს.
კიდევ ერთი მსგავსება საქართველოსა და ორბანის ხელისუფლებებს შორის არის ის, რომ უნგრული ოპოზიცია, ისევე როგორც ქართული, აცხადებს, რომ ორბანის მხარდამჭერი მედია “კრემლის პროპაგანდის რეცეპტებით” მუშაობს და მათ ნათქვამს “არანაირი კავშირი აღარ აქვს ფაქტებთან.”
● უკრაინამ ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
● The Washington Post: თუ ივანიშვილი პუტინის მხარდაჭერას განაგრძობს, დასანქცირდება
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.