საქართველოში მხოლოდ 5 ათასი მედმუშაკი აიცრა. იწყება საბიუჯეტო თანამშრომლების ჩინური სინოფარმით აცრა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში, სადაც სამედიცინო სფეროს 71 ათასზე მეტი წარმომადგენელია, ამ დროისთვის მხოლოდ 5 000 ადამიანია აცრილი, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იგეგმება მასწავლებლების,პოლიციელების და სხვა ჯგუფების ჩინური “სინოფარმით” აცრაც.
გამყრელიძის ინფრომაციით, 15 მაისამდე დაჯავშნილ 22 000 ვაქცინაციას შორის, 4000 სამედიცინო პერსონალს ეკუთვნის. რაც შეეხება ზოგად სურათს, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს და დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში სულ 35 000 ადამიანია აცრილი.
“ჩვენ დღეს ყოველდღიურად გვჭირდება სადღაც 2-დან 3 000-მდე აცრა და შემდეგ თანდათან ეს უნდა მოვუმატოთ და ივლისისთვის უნდა ავიდეთ ყოველდღიურ აცრებზე 10-დან 12 000-მდე მაინც, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ქვემო ქართლში, სადაც იგი იმუნიზაციის საკითხის მდგომარეობის შესაფასებლად იმყოფებოდა.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მიზანი დეკემბრამდე მოსახლეობის 60%-ის აცრაა.
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის” შესახებაც. მისი თქმით, ვაქცინით შესაძლოა გარკვეული ჯგუფების აცრა მოხდეს:
„მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, მაგალითად, პოლიცია, მაგალითად, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე და ასე შემდეგ.“
მან ასევე აღნიშნა, რომ იმუნიზაციის საბჭოს სხდომა ორშაბათს, 26 აპრილს გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებაც იქ იქნება მიღებული, „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი კი 27 აპრილს დაიწყება.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყება იგეგმება იმის მიუხედავად, ექნება თუ არა “სინოფარმს” ამ დროისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID 19-ის 1261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ქვეყანაში ამჟამად ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა”. ორი კვირის წინ ქვეყანაში შემოვიდა ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც, თუმცა მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ-ჯერობით არ აქვს.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან, მარტში ჩაიკეტა. თუმცა მანამდე, 2019 წელს, საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმმა ჯამში ქართულ ეკონომიკას 3.2 მილიარდი დოლარი მოუტანა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.