31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 108 ადამიანი. მათგან სამის დაინფიცირების წყაროს მოძიება ვერ მოხერხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არიან ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იციან, შეუზღუდავად დადიან და სხვებსაც ასნებოვნებენ. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის შიდა გავრცელების მაღალი რისკის გამო, საქართველოში დღეიდან კომენდანტის საათი მოქმედებს.
31 მარტის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 108 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 20 გამოჯანმრთელდა.
31 მარტიდან 21 აპრილამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრული კარანტინი გამოცხადდა – 21: 00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იკრძალება როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.
სურსათის მაღაზიებს 21:00 საათიდან – 06:00 საათამდე მუშაობა აეკრძალათ.
კომენდანტის საათის დროს იმუშავებენ აფთიაქები, თუმცა მოქალაქეებს აფთიაქში მისვლის უფლება მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი მედიკამენტის ყიდვის შემთხვევაში შეეძლებათ.
სატვირთო ავტომობილები შეუფერხებლად ივლიან.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული წესების მონიტორინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოეწყო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან, სადაც პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც პატრულირებენ, საველე კარვებია მოწყობილი. კარვებში ხალხს კორონავირუსზე ამოწმებენ და ტემპერატურას უზომავენ.
მოწმდება ყველა ადამიანი, რომელიც ქალაქში შედის ან ქალაქიდან გამოდის.
კონტროლდება მსუბუქი მანქანით გადაადგილების წესებიც. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი არ უნდა იმყოფებოდეს, აქედან ორი კი უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს.
დღეიდან საქართველოში აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, მათ შორის მეტროც.
70 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს ეკრძალებათ გარეთ გამოსვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
გარეთ გასვლის შემთხვევაში საქართველოს ყველა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.