საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოს 24 საგამოცდო ცენტრში დღეს, 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
კორონავირუსის გამო აბიტურიენტებს გარკვეული წესების დაცვა უწევთ.
კერძოდ:
აბიტურიენტები და მეთვალყურეები საგამოცდო ცენტრში შესვლამდე თერმოსკრინინგს გადიან.
შენობაში შესვლისას, მანამდე სანამ აბიტურიენტი მაგიდასთან მივა, მას პირბადე უკეთია.
მაგიდასთან, უშუალოდ გამოცდის დროს, პირბადის გაკეთება სავალდებულო აღარ არის.
აბიტურიენტებმა პირბადე უნდა გაიკეთონ საგამოცდო სექტორის დატოვების და სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს.
სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით.
მაგიდებს შორის დაშორება 2 მეტრია, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი 1 მეტრი.
თუ საგამოცდო ცენტრში, სადაც ფანჯრები მუდმივად ღიაა, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ნებადართულია კონდიციონერის ჩართვა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში სავალდებულო ხდება პირბადის გაკეთება.
აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მუდმივად პირბადით უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, ან რომელიმე სხვა რესპირატორული სიმპტომი ექნება.
თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში მაღალი ტემპერატურა ექნება, უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი, რომელიც აბიტურიენტებისთვის უფასოა და წარადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული.
თუ აბიტურიენტს აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 39 300 აბიტურიენტი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებზე 3 600 სტუდენტია დარეგისტრირებული.
გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.