საქართველოში "დისკრიმინაციული კარანტინის" გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს
საქართველოს მოქალაქეებმა საკარანტინო შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს.
პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის 5 უსაფრთხო ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესებული 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი დისკრიმინაციულია, რადგან ამ ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო არ არის და მის გაუქმებას მოითხოვენ.
საქართველოს მოქალაქეები ამ პეტიციით რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენასაც ითხოვენ.
“მიუხედავად იმისა რომ ევროპის კავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყნებში შესვლა, საქართველო კვლავაც არ ხსნის საზღვრებს.
15 ივლისს საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია და ბალტიის ქვეყნები) მოქალაქეთათვის საზღვრის გახსნის მიუხედავად, ქვეყანა დიდწილად კვლავაც დაკეტილია.
საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების უფლებას უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით აძლევს, ხოლო ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ფრენებს მის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებშიც კი სრულიად უკრძალავს.
ამავე დროს, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს სავალდებულო ორკვირიან კარანტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სამშობლოში ე.წ. გამწვანებული ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან დაბრუნება სურთ, მაშინ, როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უკარანტინოდ შეუძლიათ,“ – წერია პეტიციაში.
- საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის. ოღონდ ფრენები არ არის
- PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
მთავრობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოდ მიჩნეული ევროკავშირის 5 ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი გაიაროს, ან თვითიზოლაციაში იყოს. ევროკავშირის ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოს მთავრობა იგივე მოთხოვნებს არ უყენებს.
სამთავრობო გუნდში განმარტავენ, რომ ეს რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი დისკრიმინაციული არ არის და ხელისუფლებამ ის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო, რადგან საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ ადამიანთან აქვთ კონტაქტი ქვეყანაში, ვიდრე ტურისტებს.
change.org-ზე განთავსებულ პეტიციას ამ ეტაპზე 600-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
ფოტოს ავტორი: კახა მჭედლიძე