საქართველოს პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკის და დენის შმიგალს შეხვდა
საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრას ღარიბაშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.
“შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთან, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა”, – დაწერა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსაც შეხვდა. 22 აგვისტოს, კიევში, მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნების საერთო გამოწვევები, პირველ რიგში, რუსული ოკუპაციის სახით:
“13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის პრემიერმინისტრის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად უნდა იმუშაონ დეოკუპაციაზე.
“ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება”, – განაცხადა შმიგალმა.
მისივე განმარტებით, პრიორიტეტულია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ქვეყნების დიალოგში ჩართვას.
უკრაინის პრემიერმინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, უკრაინა ყოველთვის გრძნობდა საქართველოს მხარდაჭერას, “რაც ახლა ძალიან ძვირფასი და ღირებულია.”
ოფიციალური შეხვედრების გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.
___________________________________________
● საქართველომ ყირიმის გამო ანტირუსული სანქციები გაახანგრძლივა
● ნავალნი, უკრაინა, კიბერთავდასხმები – რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა პირველი ოფიციალური შეხვედრისას
● რა წერია ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეში საქართველოსა და უკრაინაზე
____________________________________________
შეხვედრებამდე ერთი დღით ადრე ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა განცხადება.
“გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია, რომ მას დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წლის 7 მაისს დანიშნა.
ბოლო განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოში ბრუნდება, მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 27 აგვისტოს გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პატიმრობაში მყოფ და ნასამართლევ ადამიანს საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალება.