ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლებას მოთხოვნებს 24 ივნისს წაუყენებს
ევროპული კურსის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები ახალ სამოქალაქო, სახალხო მოძრაობას ქმნიან. მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იქნება. ამის შესახებ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მოძრაობა სირცხვილიას ლიდერმა და აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა აცნობა.
ახალი მოძრაობა საზოგადოების წინაშე 24 ივნისს წარდგება. სწორედ ამ დღეს დაიგეგმა შემდეგი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყნებენ.
“თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი, თუ საჯარო მოხელე, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა დაღვრილი სისხლი საქართველოსთვის, გავერთიანდით ერთი მიზნით: საქართველო ევროკავშირში! ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარი პრობლემა ეღობება. ჩვენ ვიცით მისი ფორმა, ვიცით მისი სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი,” – მიმართა დიღმელაშვილმა რუსთაველზე შეკრებილ აუდიტორიას.
სახალხო მოძრაობის ეროვნულ საბჭოში თანაბარი ერთხმიანი პარიტეტით წარმოდგენილი იქნება ყველა სამოქალაქო მოძრაობა და ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტთა და მედიაგაერთიანებები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტური, კულტურული და პროფესიული კავშირები. დიღმელაშვილის თქმით, მასში შემავალი ყველა ჯგუფი კონსესუსის საფუძველზე წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე.
“ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობება”, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.
- “ჩალის ფასი”, “ფეიკი”, “ომში ჩათრევა” – ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
- “ყველას ვაწყენინეთ, იზოლაციის საფრთხეში ვართ”- რა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მოკლედ
საპროტესტო აქციაზე “შინ ევროპისკენ”, “წინ ევროპისკენ” საქართველოს დედაქალაქში 20 ივნისს ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია. აქციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ევროპულ მომავალს.