რატომ ვერ გახდება საქართველო "დისტანციური სწავლების ჰაბი". დეპუტატის იდეა და რეალური რიცხვები
გაზიარება
გაზიარება
თაკო ჯიბუტის ფოტო
“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა იმდენად კარგად უმკლავდება პანდემიას, რომ შეიძლება გახდეს დისტანციური სწავლების რეგიონული ჰაბი.
_______________________
დღეს საქართველოს პარლამენტში გამოითქვა იდეა, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს დისტანციური სწავლების რეგიონულ ჰაბად, რადგან ქვეყანამ ონლაინ სწავლების სისტემა უნიკალურად ააწყო და პანდემიის პირობებში “განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა” მოახერხა.
საქართველოს “დისტანციური სწავლების ჰაბად” ჩამოყალიბების იდეა “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა წამოაყენა.
ამილახვარმა პარლამენტში მოსმენაზე მისულ განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უთხრა, რომ ვინაიდან ქვეყანა დისტანციური სწავლების მიმართულებით ასეთი წარმატებულია, “ხომ არ გვეფიქრა და დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო?”.
დეპუტატის იდეას დაეთანხმა მინისტრობის კანდიდატი და უწყების მოქმედი ხელმძღვანელი მიხეილ ჩხენკელიც.
მან თქვა, რომ საქართველოს დისტანციური სწავლების გამო მუდმივად აქებენ უცხოელი პარტნიორები, მათ შორის არის კომპანია „მაიკროსოფტიც“, როგორც მინისტრმა განაცხადა.
“შეიქმნა ერთგვარი ქართული „ნოუჰაუ“ – თქვა მინისტრმა დისტანციური სწავლების წარმატებაზე საუბრისას.
ექსპერტი: განათლების ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
განსხვავებულ კომენტარებს აკეთებენ საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე სპეციალისტები, რომლებიც მიუთითებენ ამ მხრივ მნიშვნელოვან პრობლემებზე:
“სკოლები, ფაქტობრივად, მთელი წელი დაკეტილია, მიმდინარეობს დისტანციური სწავლება იმ პირობებში, როცა ძალიან ბევრ ბავშვს საქართველოში არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ელექტრონული მოწყობილობა, ასეთი კი 50 400 ბავშვია. თავად ვყოფილვარ ისეთ ოჯახში, სადაც 5 ბავშვია და 1 მობილური ტელეფონი, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. შესაბამისად, არ უნდა გვეგონოს, რომ ბავშვები ასეთ პირობებში შეძლებენ განათლების მიღებას. ვისაც აქვს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა, მათი განათლების ხარისხიც არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ თავიდანვე ვიყავით მომხრე, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით სკოლები ყოფილიყო ღია,” – ამბობს “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში მაია ქურციკიძე, UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
რა ვიცით საქართველოში ბავშვებზე:
ერთ-ერთი ვრცელი კვლევა, რომელიც საქართველოში პანდემიის პერიოდში დისტანციურ სწავლებას ეხება, არის საერთაშორისო ორგანიზაციის UNICEF-ის კვლევა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ:
● პანდემიის გამო სახლში სწავლობს 661 ათასი 500 სამიდან 17 წლამდე ბავშვი;
● 221 ათასი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა
● ყოველ მეცამეტე ბავშვს, ანუ 50 ათას 400 ბავშვს არ აქვს წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან;
● საქართველოში 29 ათას 800 ბავშვს თავის სახლში არა აქვს წვდომა წყალთან და საპონთან;
● 211 ათას 500 ბავშვი ცხოვრობს ისეთ სახლში, სადაც ერთ საძინებელ ოთახში სამ ან მეტ ადამიანს ძინავს;
● 75 ათას ბავშვს სახლში სამი ან ნაკლები წიგნი აქვს.