სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში პოლარიზაცია არყევს მედიისა და არჩევნების ნდობას
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა, არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის – არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება, რადგან რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულებელყოფილია.
“როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა.ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
“თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება”, – თქვა ზურაბიშვილმა.
22 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, თუმცა სამიტზე არა თავად, არამედ სალომე ზურაბიშვილი წარდგებოდა.
21 ნოემბერს კი ამერიკულმა გამოცემა politico-მ მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილმა ბაიდენს მოუწოდა, არ მიეწვია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის სამიტზე, რადგან ეს “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული მისწრაფებების ლეგიტიმაცია იქნებოდა.
ასევე, წერილში სააკაშვილი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიას, რომელიც საფრთხის ქვეშაა. სააკაშვილის თქმით, საქართველო ნატოსკენ ინტეგრაციის ნაცვლად რუსეთისა და ირანისკენ მიისწრაფვის, და სწორედ ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციას უნდა აწუხებდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლური ღირებულებების განდევნის მცდელობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავს, რომ ღიად დაგმოს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ასევე, აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, განიხილოს სანქციები მათთვის, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია.