საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს ალიანსში ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის.
მისივე თქმით, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.
“რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს, სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის, რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.” – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აგრესიული იმპერიალიზმი, “რაც არ უნდა ანაქრონულად ჟღერდეს”, ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. მისი თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რადგან აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი:
“თუმცა სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.”