პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაუჭირა მხარი
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საპარლამენტო კომიტეტების სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც ორმა კომიტეტმა – საპროცედურო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
თოლორაიას თქმით, ვერც ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მიიღო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის მთავარი ფუნქციაა მიუერძოებლად და ეფექტიანად გამოიძიოს დანაშაული, რომელსაც ჩაიდენს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ან სახელმწიფო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი.
ამ სამსახურის მუშაობას „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს და კანონში აღნიშნულია, რომ ამ სამსახურის მიზანია “პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი”.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს ამოქმედდა. ორ წელიწადე ნაკლებ დროში კი მმართველმა პარტიამ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არის სამსახურის რეფორმა და მის ბაზაზე სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა იგეგმება. სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას თქმით, ეს არაა რეფორმა და ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.
თოლორაიამ ასევე აღნიშნა, რომ იგი შრომის კოდექსის დარღვევით გაათავისუფლეს, რადგან გათავისუფლება მის დეკრეტში ყოფნის პერიოდს დაემთხვა.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მას ორი უწყება ჩაანაცვლებს – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.
ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან.
განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა თოლორაიამ მას შემდეგ დატოვა, რაც “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა.
“ეს დამოკიდებულება რით დავიმსახურე ან პირადად მე, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ – მე წინადადებას ვწერდი გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე. ელემენტარული, მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა – ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ. მინიმუმ, სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი და, ალბათ უნდა გეთქვათ, რომ აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავ ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ“, – უთხრა მმართველ პარტიას თოლორაიამ.
● არჩევნები, პანდემია, მედიის მდგომარეობა და სააკაშვილი – ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში
● აქცია, ხმაური და დაკავებები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას. რა მოხდა ბათუმში
● ამერიკის ელჩი: ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. მისი თქმით, არანაირი ლოგიკა არ აქვს იმას, რაც კეთდება:
“ეს არის კლასიკური კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს და მერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, ოღონდ ეს არ იქნება ისტორიის კარგი მხარე. ამას გულდანანებით ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობისა, თქვენ ჩემი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენთ. იმ ქვეყნის, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მრცხვენია დღესდღეობით. მრცხვენია იმ სამი ადამიანის, რომელსაც დღე და ღამე აქვს გათენებული სამსახურში და დღეს თურმე ვისმენთ, რომ მათი სამსახური 5 დღეში უნდა გაუქმდეს.”
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც.
ელჩი აცხადებს, რომ მას აქვს კითხვები ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით და მისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მუხლი, რომელიც სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილება გააპროტესტა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმაც. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნის სვამს კითხვას: “შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, გადაარჩინოს დემოკრატია?”