27 აპრილიდან აზერბაიჯანში მაღაზიები გაიხსნება და ქუჩაში ერთი საათით მეტის გატარება იქნება შესაძლებელი
27 აპრილიდან აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმის გამო დაკეტილი თითქმის ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა იმ მაღაზიებისა, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში მდებარეობს. ასევე ნებადართული იქნება რეპეტიტორობა. ეს საკარანტინო რეჟიმიდან გამოსვლის პირველი ეტაპია. საკარანტინო რეჟიმი 4 მაისს სრულდება.
ჯერ ისევ ძალაში რჩება მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, და მოქალაქეს ქუჩაში გასასვლელად ხელისუფლებისგან sms-ნებართვის მიღება ესაჭიროება. მაგრამ თუკი ახლა ნებართვა დღეში ერთხელ, ორი საათით გაიცემა, 27 აპრილიდან ქუჩაში დარჩენა უკვე 3 საათით იქნება შესაძლებელი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში COVID-19-ით დაინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა – ის 85 წლის იყო, და მას გულის იშემია, არტერიული ჰიპერტენზია და ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი აწუხებდა.
ასევე დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების – 44, და გამოჯანმრთელების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამრიგად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოცემული მომენტისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით მთლიანობაში დაინფიცირებულია 1592 ადამიანი, რომელთაგან 21 გარდაიცვალა, 1013 კი უკვე გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანში ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰანდე ჰარმანჯის აზრით, დაინფიცირების ზრდისა და შემდგომი შემცირების მაჩვენებლები, შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ პიკი უკვე გავლილია. მაგრამ ამის მტკიცება და მოდუნება ჯერჯერობით ნაადრევია.