საგანგებო მდგომარეობა პოლიტიკური შოუა, თითქოს მაგრად ებრძვიან ვირუსს - ზურა ჯაფარიძე
“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე მონაწილე, რომლებიც თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავდნენ, 3000 ლარით დააჯარიმეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5148 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 107 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
„ვაპროტესტებთ საგანგებო მდგომარეობას და კიდევ ერთი თვით მის გაგრძელებას. ამას არანაირი შინაარსი არ აქვს და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს მოსახლეობას. მისი მიზანია პოლიტიკური დივიდენდების დაწერა, თითქოს მაგრად ებრძვიან ვირუსს. სინამდვილეში, 22 მაისისთვის არც ვაქცინა იქნება გამოგონებული, არც ვირუსი გაქრება არსად და არც ჩვენ გვექნება პოპულაციური იმუნიტეტი იმის გამო, რომ ვართ სახლში. საუბარი იმაზე, რომ რაღაც პიკი გადაივლის, არის ზღაპარი,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
აქციას 20-მდე ადამიანი შეუერთდა.
როგორც შსს-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, აქციის მონაწილეებს ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოუწერეს: საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება ამჟამად საქართველოში აკრძალულია. აქციის რამდენიმე მონაწილე კი პოლიციის განყოფილებაში მათი იდენტიფიცირების მიზნით გადაიყვანეს.
- უსახლკარო ცხოველები საქართველოში. რატომ არ მცირდება მათი რიცხვი და როგორ ცხოვრობენ ისინი ეპიდემიის დროს
- “ვართ მე და ჩემი ბერიკაცი, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს,” – როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები იზოლაციაში
- პატრიარქი: სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.