შენობის ფასადის ნგრევას თბილისში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნგრევას თბილისში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
14 ივლისს თბილისის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. კორპუსს ფასადის ნაწილი თევდორე მღვდლის ქუჩაზე საღამოს 19 საათისთვის მოსწყდა. ნგრევის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში ახლაც კლინიკაში იმყოფება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია 15 ივლისის 00:35 წუთზე დაასრულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
ჩამონგრეული შენობის ავარიულობის შესახებ მოქალაქეებმა ერთი წლით ადრე გაავრცელეს ვიდეო სოციალურ ქსელში:
კახა კალაძემ ნგრევას უბედური შემთხვევა უწოდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა. მან შემთხვევის ადგილზე მისვლისას თქვა, რომ კორპუსი იყო ავარიული მეხუთე კატეგორიის და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა მერიის შეთავაზებაზე მონაწილეობა მიეღოთ ე.წ. ჩანაცვლების პროგრამაში. ნაწილი კი დათანხმდა მერიის წინადადებას და ქირით გავიდნენ შენობიდან.
“გაკეთებული იყო შეთავაზება, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაობეს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული”, – აღნიშნა კალაძემ.
თუმცა 15 ივლისს კახა კალაძემ განმარტა, რომ შენობა იყო მესამე კატეგორიის ავარიული და არა მეხუთე, როგორც ეს წინა დღეს განაცხადა.
“კონსტიტუციის 78-ე მუხლი” მერიის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ სადგურის მოედნის მიმდებარედ შენობის ფასადის ჩამონგრევას გამოეხმაურა. ისინი საუბრობენ 2 წლის წინ თბილისის საკრებულოს მიერ შეცვლილ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტს უფლება მიეცა ყველა ბინის მესაკუთრის თანხმობის გარეშე დაიწყოს მუშაობა ავარიული სახლის ჩანაცვლებაზე.
- “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები
- ბათუმში ნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა
- ნანგრევების მისტიკა საქართველოს ქალაქებში – ფოტოები და ისტორიები
„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და დიდუბის გამგეობა ინფორმირებული იყო აღნიშნული შენობის ავარიულობის შესახებ, მეტიც – დადგენილი ჰქონდა ავარიულობის ხარისხი, კახა კალაძე დღეს ებღაუჭება ერთადერთ არგუმენტს, რომ შენობის ჩანაცვლებაზე მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა არ იყო, თუმცა როგორც თბილისის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №21-1 დადგენილებით ირკვევა, ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებისთვის სავალდებულო თანხმობის ნაწილში ცვლილებები უკვე ორ წელზე მეტია, შესულია“, – აცხადებს „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“.

გარდა ამისა „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განცხადებით, კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ავარიული შენობის წინ მოწყობილი იყო პარკირება და ბოლო ორ წელში გაცემული სავაჭრო ობიექტებისთვის სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები.
“რას ელოდა თბილისის მერია? ზემოაღნიშნული ნებართვებით რატომ მისცა ავარიულ შენობაში სავაჭრო ობიექტებს ფუნქციონირების შესაძლებლობა და რატომ არ შეზღუდა შენობის გარეთ გარე ვაჭრობა? რატომ მოაწყო შენობის წინ საპარკინგე სივრცე და სახლის ჩანაცვლებაზე თუნდაც უარის თქმის მიუხედავად, რატომ არ უზრუნველყო როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე შენობის მიმდებარედ გამვლელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა?“ – აცხადებს „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“.

ამ საკითხზე პასუხად კახა კალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი დადგენილება არ არსებობს და თუ მედია ან არასამთავრობო სექტორი საპირისპიროს დაამტკიცებს, მზად არის, თანამდებობაც კი დატოვოს.
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ეს არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას, რასაც მე ვამბობ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100%-იანი თანხმობის გარეშე, მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, რომ ხალხი გამოყაროს. ასეთი რაღაცები ხდებოდა 2012 წლამდე”, – განაცხადა “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად კალაძემ.
სადგურის მოედანთან შენობის ნგრევის საკითხის შესწავლა დაიწყო ომბუდსმენმა
სახალხო დამცველის აპარატი ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. უწყების ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება.
“ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს“,- აცხადებს სახალხო დამცველი.
ნგრევას თბილისში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა