საახალწლო სუფრა საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს 183 ლარი დაუჯდებათ
ISET-ის კვლევის მიხედვით, ტრადიციული საახალწლო სუფრა საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს 183 ლარი დაუჯდებათ, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია.
კვლევის ინდექსი 5-6-სულიანი ოჯახისთვის ისეთი ტრადიციული კერძების ღირებულებას ითვლის, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, გოზინაყი და ხილი.
როგორც აღმოჩნდა, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, ეს კი 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8 პროცენტით მაღალია.
საახალწლო სუფრის ღირებულება რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 189.1 ლარი
- იმერეთი – 186.3 ლარი
- მცხეთა-მთიანეთი – 185.8 ლარი
- სამცხე-ჯავახეთი – 183.7 ლარი
- ქვემო ქართლი – 183 ლარი
- აჭარა – 182.6 ლარი
- შიდა ქართლი – 180.4 ლარი
- გურია – 177.8 ლარი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 177.3 ლარი
- კახეთი – 176.5 ლარი
“სურსათის ფასები იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშიც ადასტურებს. ასეთი მაღალი ინფლაცია 2011 წლის სურსათის ფასების კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მაგალითისთვის, ნოემბერში, წლიურ ჭრილში, ფასები 27.3%-ით გაიზარდა. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა საქართველოში წლიური ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ხოლმე”. – წერია ანგარიშში.
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით, ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21.6 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 40.5 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის
ბოლო 1 წელის განმავლობაში საქართველოში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა – საქსტატის მონაცემებით, პროდუქტების გაძვირების მთავარი მიზეზი ინფლაციაა. ქვეყანაში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის ანტირეკორდია.
საქსტატისვე ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი, ჯანმრთელობის დაცვა.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვინის ექსპორტი საქართველოდან. წელს საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რამაც ჯამში 145 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.