მიხეილ სააკაშვილი: ორბანი იყო პუტინის მთავარი შიკრიკი ივანიშვილთან
სააკაშვილი ორბანზე
ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ ტრანსფორმაციას აღწერს. ორბანის წინააღმდეგ სააკაშვილის ტექსტში საკმაოდ მძიმე ბრალდებებსაც ვკითხულობთ. პოსტში სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ორბანი ივანიშვილისა და პუტინს შორის შუამავლის როლს ასრულებდა და “ქართულ ოცნებას” პუტინის გზავნილებს გადასცემდა. ასევე, მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ორბანი “ოცნებას” ამერიკასთან ურთიერთობების “დალაგებაში” ეხმარებოდა და სანაცვლოდ ფულს იღებდა ივანიშვილისგან. სააკაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ 2015 წელს, როცა ის ოდესის გუბერნატორი იყო, ორბანმა მას უკრაინელ ოლიგარქებთან დაახლოებაში დახმარება სთხოვა და “ფულის ერთად კეთება” შესთავაზა.
______________________________________________________________
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ორბანთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობა აკავშირებდა, “ის კარგი ადამიანი იყო”, თუმცა, 2015 წლის შემდეგ უნგრეთში დაიწყო ავტორიტარული გადახრა და სწორედ ამის შემდეგ შეხვდა ივანიშვილსაც.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ორბანთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობა აკავშირებდა, “ის კარგი ადამიანი იყო”, თუმცა, 2015 წლის შემდეგ უნგრეთში დაიწყო ავტორიტარული გადახრა და სწორედ ამის შემდეგ შეხვდა ივანიშვილსაც.

სააკაშვილი წერს, რომ ორბანს პირველად 1993 წელს შეხვდა. მაშინ სააკაშვილის კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ორბანი კი “ფიდეშის” ლიდერი:
“მაშინ ის იყო ტანწერწეტა, ქარიზმატული, თვალებანთებული იდეალისტი პოლიტიკური ლიდერი,” – წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, მოგვიანებით ორბანმა მხარი დაუჭირა “ვარდების რევოლუციას:, აქებდა საქართველოს რეფორმებს. 2012 წელს კი, როცა საქართველოში ხელისუფლება, ორბანმა სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს უნგრეთში თავშესაფარიც კი შესთავაზა:
“მე ეს არ მჭირდებოდა, მაგრამ ბევრი წავიდა,” – წერს სააკაშვილი.
თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მოგვიანებით ორბანი რადიკალურად შეიცვალა.
სააკაშვილის თქმით, 2015 წელს, როცა ის ოდესის გუბერნატორი იყო, ორბანმა მას სთხოვა უკრაინელი ოლიგარქების გაცნობა და “ფულის ერთად კეთება”:
“უცნაურად დამამახსოვრდა ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, როდესაც მან 2015-ში მითხრა – „მიშა, გამაცანი უკრაინელი ოლიგარქები და ერთად გავაკეთოთ ფული.“ ჯერ ერთი, მაშინ ოდესის გუბერნატორი ვიყავი და ხელჩართული ომი მქონდა უკრაინელ მილიარდერ-ოლიგარქებთან და მათ მედია საშუალებებთან. მეორეც, ცხოვრებაში არ განმიხილავს პოლიტიკა, როგორც ფულის კეთების საშუალება, თან ეს არანაირად არ ჯდებოდა ჩემს წინა წარმოდგენაზე ორბანზე, ამიტომ იმედი დავიტოვე, რომ ის ხუმრობდა,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
სააკაშვილის თქმით, დაახლოებით ამ დროს დაიწყო ავტორიტარული გადახრა უნგრეთში და ამ დროსვე დაუახლოვდა ორბანი ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.
“მან [ორბანმა] გაიცნო ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა. სამაგიეროდ ორბანმა „ოცნებას“ ასწავლა პოლიტ-ტექნოლოგიები, ჩამოაყალიბებინა პროპაგანდისტული ლოზუნგები, ასწავლა უნივერსიტეტების დახურვაც კი.”
სააკაშვილის მტკიცებით, “ორბანი გახდა პუტინის მთავარი შიკრიკი ივანიშვილთან”.
სააკაშვილი ამტკიცებს, რომ 2024 წელს, საქართველოში ჩატარებული “გაყალბებული არჩევნების შემდეგ”, ორბანი ჩამოვიდა “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად საკუთარი თვითმფრინავით, რის სანაცვლოდ მას ივანიშვილმა 30 მილიონი დოლარი გადაუხარა.
“ორბანმა ასევე ჩამოიტანა პუტინის მოთხოვნა – ევროკავშირზე დაუყოვნებლივ უარის თქმა, რაც რეჟიმმა შეასრულა კიდეც, კობახიძის პირით. გარდა ამისა ორბანი იქცა ივანიშვილისთვის ამერიკასთან „დალაგების“ ერთ-ერთ არხად. რა თქმა უნდა, არა უსასყიდლოდ”.
სააკაშვილის თქმით, იმ ფაქტმა, რომ მადიარი ორბანის პარტიიდან იყო გამოსული და მთავარ ოპოზიციონერად იქცა, ბიძინა ივანიშვილი დააფიქრა – ივანიშვილმა თავი დაიზვია და ღარიბაშვილი დააკავა.
პოსტის ბოლოს სააკაშვილი უნგრეთის არჩევნების შედეგს საქართველოს ოპოზიციისთვის მაგალითად ასახელებს. მისი თქმით, პეტერ მადიარის წარმატების მიზეზი ის იყო, რომ მან ამომრჩეველთან უშუალო კავშირი დაამყარა, მაშინ როცა ტრადიციული ოპოზიცია ხშირად მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში არსებობდა. სააკაშვილი წერს, რომ იგივე დასკვნა უნდა გააკეთოს საქართველოს ოპოზიციამაც და „ფეისბუქებიდან, ტელესტუდიებიდან და რუსთაველის გამზირიდან“ ხალხთან რეალურ ურთიერთობაზე გადავიდეს.
“2024-ში საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე და შესაბამისად არც დაიცვა მისი შედეგები, ხოლო უფროსი მოსახლეობის ნაწილი იმიტომ არ მივიდა, რომ გამარჯვების არ სჯეროდა. გილაურების ჩარევამ არჩევნებში და პარტიების უმრავლესობის ნაც. მოძრაობის წინააღმდეგ დარაზმვამ, მუდმივმა ურთიერთ-კბენებმა უკიდურესად ნეგატიური როლი ითამაშა ხალხის განწყობაზე”, – წერს სააკაშვილი.