სააკაშვილი ავრცელებს პირველ ვიდეოს საქართველოში დაბრუნების შემდგეგ. ის ამბობს, რომ ბათუმშია
სააკაშვილი ვიდეოში ამბობს, რომ ხვალ, 2 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე უნდა წავიდეს და ხმა მისცენ “ნაციონალურ მოძრაობას”:
“და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას და არც მათ სატელიტებს. თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
ვიდეო, რომელიც გავრცელდა მობილური ტელეფონით არის გადაღებული და ცუდი ხარისხისაა, რადგან ბნელა. ანუ თუ უკანა ფონზე მართლაც ბათუმია, როგორც სააკაშვილი ვიდეოში ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ გუშინ ღამე ის უკვე საქართველოში იყო.
სააკაშვილს თავზე კაპიუშონი აქვს ჩამოფარებული.
“ეს არის ჩემი ბათუმი … აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.
ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, როცაა საქართველო დადგება ფეხზე, დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არსად არაა განვითარება. საქართველოდან გარბის ხალხი,” – აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ვიდეოში არ ამბობს, როგორ, რა გზით შემოვიდა ქვეყანაში.
_____________________________________________________________________________
● ჩამოვა – არ ჩამოვა. რას ფიქრობენ საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე და რა იქნება შემდეგ?
● რეფერენდუმი, კოკაინი და სისხლიანი ბანერები. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
_____________________________________________________________________________
არჩევნების შემდეგ, 3 ოქტომბერს, სააკაშვილმა დიდი მიტინგი დააანონსა თბილისში:
“ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ უნდა მივცეთ ხმა და სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გავავსოთ და თუ ვიქნებით 100 ათასი ადამიანი, ვეღარავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას სიღარიბე და საშინელება დასრულდება, ხო ხედავთ ყველაფერი გავრისკე ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენს იმედზე ვარ, თქვენგან მხოლოდ ერთი რამე მინდა – ნუ შეგეშინდებათ, მიდით არჩევნებზე. მომავალ შეხვედრამდე, მალე თბილისში”, – ამბობს სააკაშვილი.
პირველი ფეისბუკ-სტატუსი იმის შესახებ, რომ იგი საქართველოშია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს, დილის 8 საათზე დაწერა:
მანამდე 27 სექტემბერს, სააკაშვილმა გაავრცელა მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ 12 ოქტომბერს, თვითმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, სააკაშვილს საქართველოში 2 ოქტომბერს ღამე ელოდნენ.
საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტი.
ერთ-ერთ საქმეზე მას 6 წლით აღკვეთილი თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, როგორც კი ექსპრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდოდა, იგი უნდა დაეკავებინათ.
შსს-ს კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს სააკაშვილის განცხადების გამოქვეყნებიდან ორი საათის შემდეგაც არ აკეთებს.
პირველი კომენტარი ამ უწყებიდან სააგენტო „ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა – უწყებაში ჟურნალისტს უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.