რუსთავი გაიხსნა
დღეიდან, 14 მაისიდან, რუსთავი გაიხსნა. ქალაქის შესასვლელთან მოწყობილი ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამ დროისთვის უკვე აღებულია. დღეიდან რუსთავში შესვლა და იქედან გასვლა ყველასთვის ნებადართულია.
14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი – საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქალაქში გადაადგილება აკრძალულია.
ჯერჯერობით არ მუშაობს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქალაქში გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებით და ტაქსით შეიძლება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი 15 აპრილს ჩაიკეტა.
ბათუმი და ქუთაისი 5 მაისს, ხოლო თბილისი 11 მაისს გაიხსნა.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- თბილისი გაიხსნა, კიდევ რა ამუშავდა 11 მაისიდან. დეტალურად
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მაისს გაიხსნება მარნეულიც, სადაც 23 მარტის შემდეგ კარანტინია გამოცხადებული.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.