რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა
საბერძნეთი, დანია, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია – ეს ხუთი ქვეყანა დაემატა რუსეთის მთავრობის მიერ შედგენილ „არამეგობრული ქვეყნების“ სიას.
უცხო ქვეყნების სიას, რომლებიც სჩადიან „არამეგობრულ ქმედებებს“ რუსეთის წინააღმდეგ მოსკოვი 2018 წლიდან აქვეყნებს.
2021 წლის 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც “არამეგობრული ქვეყნების” საელჩოებს ეკრძალებათ დაასაქმონ რუსეთის მოქალაქეები თავიანთ დიპლომატიურ მისიებში მოსკოვში.
თავდაპირველად სიაში მხოლოდ ორი ქვეყანა იყო – ჩეხეთი და აშშ.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ „არამეგობრული“ ქვეყნებისა და ტერიტორიების კიდევ ერთი სია გამოსცა, სადაც 48 ქვეყანა შეიყვანა – ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, ბრიტანეთი, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი (ჩინეთი), უკრაინა, ჩერნოგორია, შვეიცარია და იაპონია.