იანვარში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები თითქმის 1 100 პროცენტით გაიზარდა
რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 163.5 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო შემოსული გზავნილების 60.14 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 267.62 მილიონი დოლარი, რაც 1 095.66 პროცენტით მეტია 2022 წლის იანვართან შედარებით.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია – $ 267.62 მლნ;
- იტალია – $ 39.64 მლნ;
- აშშ – $ 28.59 მლნ;
- საბერძნეთი – $ 18.07 მლნ;
- ისრაელი – $ 17.08 მლნ;
- გერმანია – $ 14.27 მლნ;
- ყაზახეთი – $ 8.74 მლნ;
- თურქეთი – $ 8.01 მლნ;
- ყირგიზეთი – $ 4.54 მლნ;
- ესპანეთი – $ 4.27 მლნ;
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● ტოპ ხუთი პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის და რუსეთისგან ყიდულობს
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ფაქტორი, შესაძლოა, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს. სწორედ რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს ასახელებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია, მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.