"რუსეთი გეგმავს მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალებას" - მაია სანდუ
მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავს, წერს მოლდოვის გამოცემა Newsmaker.
„ეს იქნება ორგანიზებული ოპოზიციის საპროტესტო აქციების საფარქვეშ და სამხედრო მომზადების მქონე ადამიანების ჩართულობით, გადაცმული მშვიდობიან მოქალაქეებად. გეგმა ასევე ითვალისწინებს რუსეთის, ბელარუსის, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეების შემოსვლას მოლდოვაში. ისინი თავს დაესხმებიან სამთავრობო შენობებს, აიყვანენ მძევლებს და შეეცდებიან შეცვალონ ხელისუფლება ქვეყანაში“.
”კრიმინალები ეყრდნობიან ზოგიერთ შიდა ძალებს, კერძოდ, კრიმინალურ ჯგუფებს, როგორიცაა ყოფილი სამართალდამცავები და ადამიანები, რომლებიც ცნობილები არიან ოლიგარქ პლაჰოტნიუკთან კავშირებით.” – ამბობს სანდუ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას აპირებს, განაცხადა სანდუმ. მისი თქმით, მსგავსი მცდელობები გასულ შემოდგომაზეც იყო, „მაგრამ მოლდოვის უსაფრთხოების სააგენტოების სწრაფი ჩარევის წყალობით, ისინი წარუმატებელი აღმოჩნდა“.
„ამ ქმედებების მიზანია კიშინიოვის კონსტიტუციური და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა არალეგიტიმური, პრორუსული ხელისუფლებით, რათა რუსეთმა შეაჩეროს რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესი და გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ომში“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მან მოსახლეობა დაარწმუნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ახლაც მუშაობენ ამ პროვოკაციების აღკვეთაზე და სიტუაციის კონტროლზე, მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს მეტი სიფხიზლისკენ და მოუწოდა იმისკენ, რომ ენდონ ოფიციალურ ინფორმაციას, რადგან „შეტევის ყველაზე აგრესიული ფორმა საინფორმაციო თავდასხმაა“.
9 თებერვალს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მან მაია სანდუს აცნობა, რომ უკრაინულმა დაზვერვამ „შეძლო მოლდოვაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის დეტალური რუსული გეგმის შესწავლა“. ზელენსკიმ მაშინ ასევე განმარტა, რომ ჯერ არ იყო ცნობილი, გასცა თუ არა მოსკოვმა გეგმის განხორციელების ბრძანება.
ზელენსკის სიტყვებს მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ადასტურებს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაია სანდუ და მისი უკრაინელი კოლეგა მუდმივად ურთიერთობენ და ცვლიან მოსაზრებებს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.