დევიდ კრამერი და იან კელი: ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, ბაიდენმა ოლიგარქები უნდა დაასანქციროს
კელის და კრამერის მიმართვა ბაიდენს
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი გამოცემა The Hill-ზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებენ და ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
კრამერისა და კელის აზრით, ამ თვეში აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ შემოღებული სავიზო და ფინანსური სანქციები არ მოიცავდა “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“, რომელიც საქართველოს “ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი”.
მათივე თქმით, აღნიშნული სანქციების პაკეტი საკმარისი არ იყო, ხოლო აშშ-მ ცხადად უნდა გამოხატოს, რომ ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ ფინანსურ ბერკეტებს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ქართველი ხალხისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის “დამანგრეველ” გზაზე სიარულს გააგრძელებენ:
აშშ-მ აუცილებლად უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუკი ოქტომბრის არჩევნებს მის სასარგებლოდ გააყალბებს, ან ოპოზიციის აკრძალვის მუქარას აღასრულებს, მას [ივანიშვილს] და მის მილიარდებს [აშშ-ს] სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური სანქციების სრულ ძალასთან მოუწევს გამკლავება
ამასთან, გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ყურადღებაა გამახვილებული “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ რუსულ კანონზე, რუსული სტილის ლგბტ კანონსა და ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც იგი ამბობს, რომ 2008 წლის ომზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი იყო და არა – რუსეთი.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ძალოვნები, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე 16 სექტემბერს დაასანქცირა.
ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სავიზო შეზღუდვები დაუწესა. აღსანიშნავია, რომ “ხარებას” მსგავსად მისი მარჯვენა ხელიც ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. ორივე მაღალჩინოსნის სახელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ჩადენილ ძალადობას უკავშირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ მათ ისეთ ქვეყნებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა.
მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პაკეტი გამოაცხადა 6 ივნისს, რომელიც გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და პირველ ეტაპზე მოიცავდა დაახლოებით 30 ადამიანს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკა 24 მაისს დააანონსა. ასევე, ბლინკენი წერს, რომ აშშ ძირეულად გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობას.